პოლონეთი-ბელარუსი

პოლონეთმა ბელარუსის საზღვართან ღობის მშენებლობა დაიწყო

პოლონეთმა ბელარუსის საზღვართან მიგრანტების კრიზისთან გასამკლავებლად ღობის მშენებლობა დაიწყო. შესაბამის ინფორმაციას პოლონეთის სასაზღვრო დაცვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღობის სიმაღლე 5.5 მეტრი იქნება, სიგრძე კი 186 კილომეტრი. ოფიციალურ ვარშავას პროექტი 350 მილიონი დოლარი დაუჯდება. აღსანიშნავია, რომ პოლონეთი და ბელარუსი 418 კილომეტრის სიგრძის საზღვარს იყოფენ.

ქვეყნის სასაზღვრო დაცვის სამსახურის წარმომადგენლის, კრისტინა იაკიმიკ-იაროშის თქმით, პოლონეთი ღობის განთავსების ზუსტ ადგილმდებარეობასა და მონაკვეთს არ დაასახელებს.

"ბელარუსის სამსახურები უბრალოდ ელოდებიან, რომ აქ მიგრანტების ახალი ჯგუფი გამოაგზავნონ. შესაბამისად, უსაფრთხოების მიზნით, ზუსტ მდებარეობას არ დავასახელებთ. დროებითი [მავთულისგან დამზადებული] ღობე უკვე ძალიან დაგვეხმარა, რადგან მიგრანტების ახალი შეტევისგან თავის დასაცავად, საკმარის დროს გვაძლევდა". - თქვა იაკიმიკ-იაროშმა.

ახალი ღობის მშენებლობა, რომელიც კამერებითა და მოძრაობის დეტექტორებით იქნება აღჭურვილი, სავარაუდოდ, ივნისში დასრულდება.


ბელარუსის და პოლონეთის საზღვარზე ათასობით მიგრანტია გაჩერებული. ისინი ძირითადად ერაყიდან, სირიიდან და იემენიდან არიან და ევროკავშირში მოხვედრა სურთ. სასაზღვრო ზონაში ბანაკებში ათასობით ადამიანი სიცივესა და რთულ პირობებშია გაჩერებული. ბელარუსის თანახმად, მიგრანტების ბანაკში 2 000 ადამიანია, ხოლო პოლონური მხარის მიხედვით ეს რიცხვი უფრო დიდი და 3 000- 4 000 ადამიანამდე მერყეობს.

13 ნოემბერს პოლონეთმა ბელარუსი სამხედროები მიგრანტების გასატარებლად მავთულხლართების გაჭრაში დაადანაშაულა. პოლონეთის პოლიციის თანახმად, იმავე რაიონში, საზღვრის ახლოს ტყეში მათ ახალგაზრდა სირიელი კაცის ცხედარი იპოვეს. ბოლო თვეების განმავლობაში პოლონურ მხარეს სამართალდამცველებმა სულ მცირე 8 გარდაცვლილი იპოვეს.

ბელარუსის და ევროკავშირის ქვეყნების საზღვარზე მიგრანტების კრიზისი 2021 წლის გაზაფხულზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ლუკაშენკომ გამოაცხადა, რომ ბელარუსი შეწყვეტს მიგრანტების ნაკადის შეჩერებას, რომლებსაც ევროკავშირში მოხვედრა უნდათ.

პარალელურად დაძაბულობაა უკრაინისა და რუსეთის საზღვარზე. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის საზღვართან დაახლოებით 100 000 რუსი სამხედროა განლაგებული. პრეზიდენტის თანახმად, რუსეთის სამხედრო ძალების გადაადგილების შესახებ ინფორმაცია კიევს დასავლურმა სახელმწიფოებმა მიაწოდეს. უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზებამ უკრაინაზე შესაძლო თავდასხმის შიში გააჩინა. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს.

ოქტომბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრა განაახლა. მას შემდეგ, რაც რუსმა სამხედროებმა რეგიონში სამხედრო წვრთნები ჩაატარეს, მათი ნაწილი ჩვეული დისლოკაციის ადგილს არ დაბრუნებია.

რუსეთის შეიარაღებული ძალების გადაადგილებები მას შემდეგ განახლდა, რაც კრემლმა კიევის მიმართ საკუთარი პოლიტიკა და რიტორიკა კიდევ უფრო გაამკაცრა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ფედერაციის სხვა ოფიციალურმა პირებმა გასულ თვეებში არაერთხელ გააკრიტიკეს უკრაინის კავშირი დასავლეთთან და ამ ქვეყნის სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშაც კი დააყენეს. პუტინმა თქვა, რომ NATO-ს ნებისმიერი სამხედრო ინფრასტრუქტურის უკრაინაში განთავსება მოსკოვისთვის წითელი ხაზია.

კომენტარები