დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

უკრაინაში აშშ-ს სამხედრო დახმარების ნაწილი ჩავიდა

US EMBASSY KYIV

რუსეთ-უკრაინის დაძაბულობის ფონზე, აშშ-დან უკრაინაში ახლახანს დამტკიცებული სამხედრო დახმარების პირველი ნაწილი  ჩავიდა.

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დეკემბერში დაამტკიცა 200 მილიონი დოლარის ოდენობის უსაფრთხოების მხარდაჭერის პაკეტი.

კიევში აშშ-ს საელჩოს თქმით,  დახმარება ადასტურებს ამერიკის "მტკიცე ერთგულებას უკრაინის თავდაცვის უფლებისადმი".

"აშშ გააგრძელებს დახმარების გაწევას უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, რათა მხარი დაუჭირონ მათ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში ". - წერია საელჩოს განცხადებაში.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ  ნებისმიერი რუსული სამხედრო ძალის უკრაინაში შეჭრას მოჰყვება უმკაცრესი, სწრაფი და ერთიანი პასუხი აშშ-სა და მისი მოკავშირეების მხრიდან.

19 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯო ბაიდენმა ივარაუდა, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება და ამაზე აშშ-ს პასუხი რუსეთისთვის კატასტროფა იქნება. თუმცა, იქვე თქვა, რომ "მცირე შეჭრასთან" შედარებით, სრულმასშტაბიან შეჭრაზე პასუხი უფრო მძიმე იქნებოდა. შემდეგ, კრიტიკის ფონზე, საკუთარი განცხადება დააზუსტა და აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაში შესვლა შეჭრად განიხილება, თუ ერთი ქვედანაყოფიც კი გადაკვეთს საზღვარს.


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები