მიხეილ სააკაშვილი

მშვენიერაძე: დასტურდება, რომ სააკაშვილისთვის მოწყობილი ე.წ შუმოკი ორგანიზებული იყო

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, გიორგი მშვენიერაძის ცნობით, კადრებში, რომლებიც ადვოკატებმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში იხილეს, ჩანს, რომ გლდანის N8 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილისათვის მოწყობილი ე.წ შუმოკი წინასწარ იყო ორგანიზებული.

"ვიდეო ჩანაწერებში არის რამდენიმე ახალი დეტალი, მათ შორის, როგორ ხდება მიხეილ სააკაშვილის პატიმრების მიერ ე.წ ორგანიზებული დახვედრა. ისმის ხმა: "ძმებო, მოვიდა", თუ "ძმებო, დავიწყოთ". ერთი შეძახილის შემდეგ პატიმრებიდან იწყება ორგანიზებული შეურაცხმყოფელი შეძახილები, გინება, მთელი ციხის მასშტაბით". – თქვა გიორგი მშვენიერაძემ. მის ამ კომენტარს მთავარი არხი ავრცელებს

ექსპრეზიდენტის კიდევ ერთი ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით კი, იმდენად ძლიერია ე.წ შუმოკი, რომ რეალურად გარკვეული დროის განმავლობაში სხვა ხმა ვიდეოში აღარ ისმის. 

"აქვე ისმის პენიტენციური სამსახურის უფროსის მოადგილის კომენტარი, რომლითაც იხსნება, რა საჭირო იყო საერთოდ მიხეილ სააკაშვილის გლდანის N8 დაწესებულებაში გადაყვანა. გიორგი გიორგაძე ძალიან ნათლად ააშკარავებს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანში გადაიყვანეს შურისძიების მიზნით. მან სააკაშვილს უთხრა, რომ იღებდა იმას, რაც დაიმსახურა". – ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი. 

ამასთან, ნიკა გვარამიას თქმით, კადრებიდან ირკვევა ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოტყუებით შეიყვანეს და ეუბნებოდნენ, რომ ის გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში დროებით, ანალიზების ასაღებად ჰყავდათ მიყვანილი. 


მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს. ექსპრეზიდენტი პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან შიმშილობდა. 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს სააკაშვილი რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მოგვიანებით გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით შეჰყავთ. 20 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. იგი მკურნალობას კვლავ გორის ჰოსპიტალში აგრძელებს.


29 დეკემბერს, ღამით მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანესქართული ოცნების წევრები ამბობენ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, პენიტენციურ სამსახურს კი საკითხზე დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია. უწყების მიერ მანამდე გამოქვეყნებული განცხადებით, ექიმებმა სააკაშვილის გორის ჰოსპიტლიდან გაწერის გადაწყვეტილება ექიმებმა მიიღეს.

პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები სააკაშვილის გადაყვანას 27 დეკემბერსაც ცდილობდნენ - სააკაშვილმა დაწერა, რომ მას შემდეგ, რაც არ დაემორჩილა, მისი გადაყვანა ძალის გამოყენებით სცადეს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა.

28 დეკემბერს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ სამინისტროს ვალდებულებაა, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაწერილი პატიმარი პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნოს.

ერთიანი ანციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა

კომენტარები