მიხეილ სააკაშვილი

გვარამია: გადაყვანის სრულ ვიდეოში ჩანს, რომ სააკაშვილს ატყუებენ, ანალიზებისთვის მოვედითო

სპეციალური პენიტენციური სამსახური

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გლდანში გადაყვანის ეპიზოდის სრულ ვიდეო ჩანაწერში გარკვევით ჩანს, რომ ექსპრეზიდენტი იქ მოტყუებით გადაიყვანეს. 

ამის შესახებ ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებისთვის მიცემულ მოკლე კომენტარში მას შემდეგ ისაუბრა, რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში პენიტენციური სამსახურის მიერ გადაღებული ვიდეო მასალის სრული ვერსია ნახა, რომლის ნაწილიც უწყებამ თავად გაავრცელა. 

"რაც ვნახეთ არის გაცილებით უფრო მძაფრი და მძიმე. ჩანს, რომ მოტყუებითაა მიყვანილი, უარს ამბობს მკურნალობაზე და ითხოვს, უკან დამაბრუნეთო. ასევე ჩანს, რომ ატყუებენ და ეუბნებიან, უბრალოდ ანალიზების ასაღებად მოგიყვანეთ და ხანმოკლეაო. ასევე ატყუებენ, რომ ახლა მალე შემოვლენ თქვენი ადვოკატები და ოჯახსი წევრებიო, რაც ტყუილი აღმოჩნდა – გახსოვთ, რომ გარეთ ვიდექით და არ შეგვიშვეს". – თქვა ნიკა გვარამიამ. 

ადვოკატის შეფასებით, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები, რომელიც აჩვენებს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცველებს გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ, დაჭრილია და სრული ვერსია უფრო მძიმეა. 

"გადაყვანის კადრები არის საკმაოდ მძიმე. რაც ჩვენ ვნახეთ, იქ ყველა რაკურსი არ არის, რამდენიმე საინტერესო რაკურსი აკლია – ხან პანდუსი ეფარება, ხან რა. თრევის ეპიზოდიც ჩანს და არის ძალიან მძიმე სანახავად. ასევე ჩანს, რომ ე.წ შუმოკი ორკესტრირებულია. გვესმის უმძიმესი ტექსტები ვინმე გიორგაძისგან, რომელიც არის ცხვარიაშვილის მოადგილე. გიორგაძე ეუბნება, რომ შენი აშენებული რომაა, იმიტომ დაგჩხავიან ახლა თავზეო. ანუ ეუბნება, რაც დაიმსახურე, ის ხდება". – ამბობს ნიკა გვარამია. 


მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს. ექსპრეზიდენტი პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან შიმშილობდა. 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს სააკაშვილი რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მოგვიანებით გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით შეჰყავთ. 20 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. იგი მკურნალობას კვლავ გორის ჰოსპიტალში აგრძელებს.


29 დეკემბერს, ღამით მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანესქართული ოცნების წევრები ამბობენ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, პენიტენციურ სამსახურს კი საკითხზე დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია. უწყების მიერ მანამდე გამოქვეყნებული განცხადებით, ექიმებმა სააკაშვილის გორის ჰოსპიტლიდან გაწერის გადაწყვეტილება ექიმებმა მიიღეს.

პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები სააკაშვილის გადაყვანას 27 დეკემბერსაც ცდილობდნენ - სააკაშვილმა დაწერა, რომ მას შემდეგ, რაც არ დაემორჩილა, მისი გადაყვანა ძალის გამოყენებით სცადეს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა.

28 დეკემბერს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ სამინისტროს ვალდებულებაა, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაწერილი პატიმარი პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნოს.

ერთიანი ანციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა

კომენტარები