დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

შეჭრა იქნება, თუ ერთი ქვედანაყოფიც კი გადაკვეთს საზღვარს – ბაიდენმა განცხადება დააზუსტა

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ უკრაინაში სავარაუდო შეჭრასთან დაკავშირებით საკუთარი განცხადება დააზუსტა. პრეზიდენტ ბაიდენს 19 იანვრის პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადების განმარტება კრიტიკის შემდეგ მოუხდა. 

"მე აბსოლუტურად ცხადად ვუთხარი პრეზიდენტ პუტინს, მისთვის ყველაფერი გასაგებია. თუკი უკრაინის საზღვართან შეჯგუფებული ნებისმიერი – ნებისმიერი – რუსული ქვედანაყოფი საზღვარს გადაკვეთს, ეს არის შეჭრა. შეჭრას მოჰყვება მკაცრი და კოორდინირებული პასუხი, რომელიც მე დეტალურად განვიხილე ჩვენს მოკავშირეებთან და ასევე ნათლად ავუხსენი პრეზიდენტ პუტინს". – თქვა ჯო ბაიდენმა. 

19 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯო ბაიდენმა ივარაუდა, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება და ამაზე აშშ-ს პასუხი რუსეთისთვის კატასტროფა იქნება. თუმცა, იქვე თქვა, რომ "მცირე შეჭრასთან" შედარებით, სრულმასშტაბიან შეჭრაზე პასუხი უფრო მძიმე იქნებოდა. 

"ერთია მცირე შეჭრა, თუმცა, თუ ისინი გააკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც შეუძლიათ, ეს რუსეთისთვის კატასტროფა იქნება". – თქვა ჯო ბაიდენმა. 

ამ განცხადებას მალევე გამოეხმაურა უკრაინის წარმომადგენელი, რომელმაც თქვა, რომ ის შოკირებულია და რომ აშშ-ს პრეზიდენტმა რუსეთს "მწვანე შუქი" აუნთო. ნათქვამის გამო ბაიდენი გააკრიტიკეს ამერიკელმა სენატორებმა და პოლიტიკის მიმომხილველებმაც. 


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები