დევნილები

სამინისტრო: სანატორიუმ ქართლში მცხოვრები დევნილები საცხოვრებელს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ

PalitraNews

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სანატორიუმ ქართლის ყოფილ შენობაში მცხოვრები დევნილის თვითმკვლელობის ფაქტს ეხმაურება. სამინისტრო თანაუგრძნობს აფხაზეთიდან იძულებით დევნილ ზურაბ ჭიჭოშვილის ოჯახის წევრებსა და აცხადებს, რომ სანატორიუმ ქართლის ყოფილ შენობაში მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ.

"საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი იძულებით გადაადგილებულ პირებზე ზრუნვა და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებაა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, შენობაში მცხოვრებ ოჯახებზე გასცა ადმინისტრაციული დაპირება და განსახლების ორი გზა შესთავაზა.

იძულებით გადაადგილებულ პირებს, თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ, რომლის შესყიდვასაც სააგენტო უზრუნველყოფს. დევნილ ოჯახებს ასევე აქვთ ალტერნატივა, რომ სააგენტოს მიერ შესყიდული ბინების მშენებლობის დასრულებას დაელოდონ. ამ შემთხვევაში სააგენტო, გამგეობასთან ერთად, მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით ყოფილ სანატორიუმ ქართლში მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ". – ნათქვამია განცხადებაში.

16 იანვარს სანატორიუმ ქართლის ყოფილ შენობაში მცხოვრებმა დევნილმა კაცმა თავი მოიკლა. თვითმხილველების თქმით, ის შენობის სახურავიდან პროტესტის ნიშნად გადმოხტა და გარდაიცვალა. 

სანატორიუმ ქართლის ყოფილ შენობაში მცხოვრებმა დევნილებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი საცხოვრებლად ალტერნატიული ფართების გამოყოფას ითხოვენ. მათი თქმით, შენობა, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, ავარიულია და საფრთხე მუდმივად იმატებს.

კომენტარები