დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ და NATO მზად არიან, რუსეთს კიდევ ერთხელ შეხვდნენ

ენტონი ბლინკენი და იენს სტოლტენბერგი 2021 წლის 30 ნოემბერს რიგაში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე
NATO

აშშ და NATO მზად არიან, რუსეთს მოლაპარაკებებისთვის კიდევ ერთხელ შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის და NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის სატელეფონო საუბრის შემდეგ ავრცელებს.

"შეერთებული შტატები და NATO მზად არიან კიდევ ერთხელ შეხვდნენ რუსეთს და რჩებიან დიპლომატიისა და ორმხრივი დიალოგის ერთგული. შეერთებული შტატები და NATO ერთიანი არიან დიპლომატიურ მიდგომაში და მოუწოდებენ რუსეთს დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები უკრაინის წინააღდეგ მიმდინარე აგრესიის დეესკალაციისთვის". – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბულობის ფონზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს და რუსეთის პრეზიდენტებთან, ჯო ბაიდენთან და ვლადიმირ პუტინთან ერთად სამმხრივი მოლაპარაკებების გამართვის წინადადება წამოაყენა.

აღსანიშნავია, რომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

14 იანვარს უკრაინის რამდენიმე სამინისტროს ვებგვერდზე კიბერშეტევა მოხდა – ვებგვერდებზე მუქარის შემცველი შეტყობინებები უკრაინულ, რუსულ და პოლონურ ენებზე იყო გამოქვეყნებული. გარდა ამისა, შავ ფონზე გადახაზული იყო უკრაინის დროშის, გერბის, რუკისა და ღორის თავის სურათები.

მიმდინარე კვირაში დასავლელ პარტნიორებსა და რუსეთს შორის სამი შეხვედრა გაიმართა, ვენაში ეუთოს სხდომაზე, ბრიუსელში NATO-რუსეთის სამიტის სხდომაზე, მანამდე კი ჟენევაში ერთმანეთს შეხვდნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვენდი შერმანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი. მოლაპარაკებები დიდწილად უშედეგო გამოდგა.

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები