აშშ-რუსეთი

ბლინკენი: რუსეთი აგრესიულად მოქმედებდა მეზობლების წინააღმდეგ – უკან უნდა დაიხიოს

ენტონი ბლინკენი
AP

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა CNN-ის ეთერში რუსეთის მიერ მეზობელი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებზე ისაუბრა. ბლინკენის თქმით, დღეს უკრაინაში საფრთხე კვლავ განახლებულია და რუსეთმა უკან უნდა დაიხიოს.

"რთულია დაინახო არა მხოლოდ საუბარი, არამედ რეალური პროგრესი ესკალაციის პირობებში, როდესაც უკრაინისკენ იარაღია მიმართული. ამიტომ, თუ ჩვენ რეალურად ვაპირებთ პროგრესის მიღწევას, უნდა დავინახოთ დეესკალაცია. რუსეთმა უკან უნდა დაიხიოს იმ საფრთხისშემცველი მოქმედებებისგან, რომელიც ამჟამად უკრაინას ემუქრება.

[...] ბოლო ათწლეულის განმავლობაში რუსეთი აგრესიულად მოქმედებდა მეზობლების – საქართველოს, მოლდოვისა და 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ. დღეისთვის უკრაინაში საფრთხე განახლებულია. სასწორზეა მნიშვნელოვანი პრინციპები, რომლებიც ეხება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების ფუნდამენტს. რუსეთისთვის მკაფიო უნდა გახდეს, რომ აგრესიას არ მივიღებთ და არ შევეგუებით. ეს ასევე არ ეხება დათმობაზე წასვლას, არამედ იმას, რომ რუსეთმა დაინახოს, დიალოგისა და დიპლომატიის კონტექსტში არსებობს თუ არა საკითხები, სადაც ორივე მხარეს, ყველა მხარეს შეუძლია მოქმედება დაძაბულობის შესამცირებლად". – თქვა ბლინკენმა.


11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000-კაციან თავდასხმას გეგმავდეს.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისისთვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. ვრცლად ბელარუსის როლზე რუსეთის ჰიბრიდულ ომში წაიკითხეთ აქ – ბელარუსი რუსეთის ჰიბრიდულ ომში – ვასალიტეტი XXI საუკუნეში.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები