საპროტესტო აქციები ყაზახეთში

BBC: ყაზახეთში რუსეთი გაგზავნის 45-ე ბრიგადას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში იბრძოდა

რუსეთის გვარდიის 45-ე სპეცდანიშნულების ბრიგადის სამხედროები

BBC-ის რუსული სამსახურის ცნობით, ყაზახეთში კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამშვიდობო ოპერაციის ფარგლებში რუსეთის ფედერაცია გაგზავნის გვარდიის 45-ე სპეცდანიშნულების ბრიგადას, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ 2008 წლის აგვისტოს ომში. 

45-ე ბრიგადა რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ყველაზე ელიტარული დანაყოფია. ეს ბრიგადა 2008 წლის აგვისტოს ომის გარდა მონაწილეობდა ჩეჩნეთის პირველ და მეორე ომში, 2014 წელს ყირიმის ანექსიის სპეცოპერაციასა და სირიის კონფლიქტში. 

ამ დანაყოფის ძირითადი სპეციალიზაცია რთული სადაზვერვო ოპერაციებისა და დივერსიების შესრულებაა. 

45-ე ბრიგადის გარდა, მედიების ინფორმაციით, რუსეთი ყაზახეთში გაგზავნის გვარდიის 98-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის ოფიცრებსა და ჯარისკაცებს. ამ დანაყოფის სამხედროები მონაწილეობას იღებდნენ რამდენიმე სამშვიდობო მისიაში: 1996 წელს ბოსნია-ჰერცეგოვინაში,1998 წლის აფხაზეთის კონფლიქტსა და 1999 წელს კოსოვოში. ამ დანაყოფის სამხედროები 2014 წელს უკრაინაში, დონბასში მიმდინარე კონფლიქტშიც მონაწილოებდნენ. უკრაინელმა სამხედროებმა რამდენიმე მათგანი მოკლეს, ზოგიც ტყვედ ჩაიგდეს. რუსული მხარე უარყოფდა ამ კონფლიქტში საკუთარი სამხედროების მონაწილეობას და აცხადებნენ, რომ დივიზიის ჯარისკაცები საომარ ზონაში შეიძლება შემთხვევით მოხვედრილიყვნენ, საზღვარზე გზა აბნეოდათ. 

ასევე, რუსული მედიის ინფორმაციით, გზავნიან გვარდიის 31-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადას, რომელიც ულიანოვსკშია განლაგებული და მხოლოდ კონტრაქტორებს იღებენ. ამ დანაყოფის მებრძოლები ასევე შეინიშნებოდნენ ყირიმის ანექსიასა და დონბასის კონფლიქტში. 

რუსეთის გარდა ყაზახეთში სამხედროებს გზავნიან ბელარუსიდან, სომხეთიდან, ყირგიზეთიდან და ტაჯიკეთიდან. 

რუსულმა თვითმფრინავებმა დღეს, 7 იანვარს, საკუთარი ჯარების გარდა ყაზახეთში ყირგიზი სამხედროებიც გადასხეს.

არსებული ინფორმაციით, ОДКБ-ს ძალები არ აპირებენ ყაზახი დემონსტრანტების დარბევას და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს დაიცავენ.

ყაზახეთში, 5 იანვარს დაძაბულობის ზრდის ფონზე, ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სიტუაციასთან გამკლავებისთვის დახმარება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო.

ОДКБ რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყნის სამხედრო ალიანსია, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს. მისი ამჟამინდელი წევრები არიან: რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. ОДКБ-ს წევრი იყო საქართველოც, 1999 წლამდე. ამ ორგანიზაციის ყოფილი წევრები არიან აზერბაიჯანი და უზბეკეთიც.


ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობა გადადგა. გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მიიღო.

საპროტესტო აქციები მანგისთაუს ოლქში საწვავის ფასის გაძვირების გამო 2 იანვარს დაიწყო. პირველ იანვარს ერთი ლიტრი თხევადი გაზის ფასი 50-60 ტენგედან 120 ტენგემდე გაიზარდა. რეგიონში საწვავად ძირითადად თხევად გაზსს იყენებენ.

მოგვინებით აქციები გაიმართა ქვეყნის დიდ ქალაქებშიც, მათ შორის, აქთაუში, ალმათიში და დედაქალაქ ნურ-სულთანშიც. საწვავის ფასების დაწევის მოთხოვნას მალევე მთავრობის გადადგომის მოთხოვნა დაემატა. რამდენიმე ქალაქში აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

მთავრობა გადადგა, პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი კი დემონსტრანტებს ცვლილებებს დაჰპირდა, თუმცა ამისდა მიუხედავად საპროტესტო ტალღა არ შეწყვეტილა.

ქალაქ ალმათიში დემონსტრანტებმა დაიკავეს მერიის შენობა.

საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია მთელ ქვეყანაში.

ქვეყნის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი აცხადებს, რომ ის დედაქალაქის დატოვებას არ აპირებს. მისი განცხადებით, ის გაუძღვება ყაზახეთის უშიშროების საბჭოს. ეს პოზიცია სამუდამო ვადით ებარა ყაზახეთის პირველ პრეზიდენტსა და გავლენიან პოლიტიკურ ფიგურას, ნურსულთან ნაზარბაევს.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ (ОДКБ) ყაზახეთში ძალების გაგზავნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ყაზახეთში დაძაბულობის ზრდის ფონზე, ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სიტუაციასთან გამკლავებისთვის დახმარება  სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო. რუსეთმა, ОДКБ-ს კონტინგენტის ფარგლებში, ყაზახეთში სამხედროების შეყვანა დაიწყო.

Reuters-თან საუბარში ყაზახმა დისიდენტმა, ბანკირმა, პოლიტიკური პარტიის – ყაზახეთის დემოკრატიული არჩევნის ლიდერმა და ყაზახეთის ენერგეტიკის ყოფილმა მიინისტრმა, მუხთარ აბლიაზოვმა თავს ოპოზიციის ლიდერი უწოდა და დასავლეთს დახმარებისკენ მოუწოდა.

კომენტარები