დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ბაიდენი ზელენსკის დაჰპირდა, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთს მტკიცე პასუხს გასცემენ

ჯო ბაიდენი/ვოლოდიმირ ზელენსკი
Kiev Post

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, 2 იანვარს სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრას განაგრძობს, აშშ და პარტნიორები მას მტკიცე პასუხს გასცემენ. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

"პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა აშშ-ის, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების ერთგულებას პრინციპის მიმართ "არაფერი შენზე შენ გარეშე". ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ბაიდენმა ასევე გამოხატა მხარდაჭერა ნდობის აღდგენის ღონისძიებებისადმი დონბასში დაძაბულობის დეესკალაციისთვის და აქტიური დიპლომატიის მიმართ მინსკის შეთანხმებების განხორციელების წინსვლისთვის, ნორმანდიული ფორმატის მხარდაჭერით". – წერია განცხადებაში

2 იანვრის სატელეფონო საუბრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტვიტერზე დაწერა, რომ ბაიდენთან საუბარი ხაზს უსვამს ორი ქვეყნის ურთიერთობის განსაკუთრებულ ბუნებას. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ განხილულ თემებს შორის იყო უკრაინის, აშშ-ს და პარტნიორების საერთო ქმედებები ევროპაში მშვიდობის შესანარჩუნებლად და შემდგომი ესკალაციის თავიდან ასარიდებლად, რეფორმები და დეილიგარქიზაცია. 

უკრაინის საზღვრებთან, კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000-კაციან თავდასხმას გეგმავდეს.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. ვრცლად ბელარუსის როლზე რუსეთის ჰიბრიდულ ომში წაიკითხეთ აქ – ბელარუსი რუსეთის ჰიბრიდულ ომში – ვასალიტეტი XXI საუკუნეში.

პარალელურად დაძაბულია NATO-სა და რუსეთის ურთიერთობა. 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები