აშშ-რუსეთი

ბაიდენმა პუტინს უთხრა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში გადამწყვეტ პასუხს გასცემენ

Adam Schultz / The White House

ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის გამართული სატელეფონო საუბრისას ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინს უთხრა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში დასავლეთი მას გადამწყვეტ პასუხს გასცემს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

"პრეზიდენტმა ბაიდენმა რუსეთს უკრაინასთან დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდა. ბაიდენმა ნათლად თქვა, რომ აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები გადამწყვეტ პასუხს გასცემენ რუსეთს, თუ ის კიდევ შეიჭრება უკრაინაში. პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე მხარი დაუჭირა დიპლომატიურ გზებს, რომელიც მომავალ წელს დაიწყება ორმხრივი სტრატეგიული დიალოგით NATO-ში, NATO-რუსეთის საბჭოსა და ეუთოში. ბაიდენმა გაიმეორა, რომ ამ დიალოგში არსებითი პროგრესის მიღწევა მხოლოდ დეესკალაციის პირობებშია შესაძლებელი". – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

კრემლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბაიდენის მიერ ნახსენებ მოსალოდნელ სანქციებს პუტინმა "მძიმე შეცდომა" უწოდა და თქვა, რომ ამან, შესაძლოა, რუსეთ-ამერიკის ურთერთობის გაწყვეტის საფრთხე წარმოშვას.

11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000-კაციან თავდასხმას გეგმავდეს.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისისთვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. ვრცლად ბელარუსის როლზე რუსეთის ჰიბრიდულ ომში წაიკითხეთ აქ – ბელარუსი რუსეთის ჰიბრიდულ ომში – ვასალიტეტი XXI საუკუნეში.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები