ევროკავშირი-რუსეთი

ბორელი: ევროპის უსაფრთხოებაზე მოლაპარაკებები ევროკავშირის ჩართულობის გარეშე ვერ შედგება

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა გერმანული გამოცემის Die Welt-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის საზღვრებთან კრიზისის დეესკალაციასა და ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა.

"თუკი მოსკოვს სურს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის საკითხზე და უსაფრთხოების გარანტიებზე იანვრიდან დიალოგის დაწყება, მაშინ ეს საკითხი მხოლოდ აშშ-სა და რუსეთს ან NATO-ს და რუსეთს არ ეხება - მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს შეიძლება ასე სურდეს. ევროკავშირი ამ მოლაპარაკებებზე წარმოდგენილი უნდა იყოს, ასეთ მოლაპარაკეკებს აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ ევროკავშირთან მჭიდრო კოორდინაციითა და მონაწილეობით მიმდინარეობს. დღეს არ ვიმყოფებით მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, არსებობენ ევროპული ქვეყნები, რომლებიც არ არიან NATO-ს წევრები. შესაბამისად, იალტა 2 ვერ შედგება, ჰელსინკი 2 კი შესაძლებელია". - თქვა ბორელმა.

ბორელის თქმით, მოსკოვს სურს ისეთი სიტუაცია შექმნას, სადაც ორი მხარე გავლენის სფეროებს გაინაწილებს. გარდა ამისა, ბორელი აღნიშნავს, რომ რუსეთს სურთ მოლაპარაკებები აწარმოოს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე ევროკავშირის ჩართვის გარეშე, რასაც ევროკავშირი არასდროს დათანხმდება.

"რუსეთს სურს, რომ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე მოლაპარაკებები ევროკავშირის გარეშე აწარმოოს - ეს აბსურდია. ჩვენ ამას არ მივიღებთ, ჩვენ შესახებ ჩვენი ჩართულობის გარეშე ვერაფერი გადაწყდება". - თქვა ბორელმა.

გარდა ამისა, ბორელმა მიუღებელი უწოდა რუსეთის მოთხოვნებს უსაფრთხოების გარანტიებისა და აღმოსავლეთით ნატოს გაფართოების შეწყვეტის შესახებ. მისი თქმით, ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს რომელიმე ქვეყანასთან ან ალიანსთან თანამშრომლობის საკითხი და ეს დისკუსიის საგნად ვერ იქცევა.

"უსაფრთხოების გარანტიებისა და აღმოსავლეთით ნატოს გაფართოების შეწყვეტის მოთხოვნის მოლაპარაკებების მაგიდაზე დადება პირდაპირი რუსული დღისწესრიგია - ეს სრულიად მიუღებელია, განსაკუთრებით უკრაინის კრიზისის გათვალისწინებით. კომპრომისი ვერ შედგება ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე და სუვერენიტეტზე, ასევე ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს რომელ ქვეყანასთან ან ალიანსთან ითანამშრომლებს - ეს დისკუსიის საგნად ვერ იქცევა" - თქვა ბორელმა.

აშშ-ს და რუსეთის წარმომადგენლები უშიშროების საკითხების, სამხედრო აქტივობის და უკრაინის საზღვრებთან დაძაბული მდგომარეობის განხილვისთვის 10 იანვარს შეხვდებიან.

აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა შეხვედრის თარიღი 27 დეკემბერს დაადასტურა. მისვე თქმით, დიდი ალბათობით რუსეთის და NATO-ს წარმომადგენლები 12 იანვარს შეხვდებიან ერთმანეთს, მხარეებს შორის შეხვედრები ასევე გაიმართება 13 იანვარს.


11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000-კაციან თავდასხმას გეგმავდეს.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. ვრცლად ბელარუსის როლზე რუსეთის ჰიბრიდულ ომში წაიკითხეთ აქ – ბელარუსი რუსეთის ჰიბრიდულ ომში – ვასალიტეტი XXI საუკუნეში.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები