ევროკავშირი-რუსეთი

მოსკოვი EU-ს "საპასუხო ზომებით" ემუქრება, თუ EU ბალტიის ზღვაში მეტ რუსულ ტანკერს დააკავებს

© Johan NILSSON / TT NEWS AGENCY/AFP/File

რუსეთი ევროკავშირს საპასუხო რეაგირებით ემუქრება, თუ ბლოკი ბალტიის ზღვაში მოსკოვთან დაკავშირებული ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის მეტი ტანკერის დაკავებას დაიწყებს. რუსეთის თქმით, ისინი ამგვარ დაკავებებს "საკუთარ ტერიტორიაზე თავდასხმად" მიიღებენ. 

რუსეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯომარის მოადგილის, ალექსეი ჟურავლევის თქმით, "ნებისმიერი თავდასხმა ჩვენს ტანკერებზე შეიძლება ჩაითვალოს, როგორც თავდასხმა ჩვენს ტერიტორიაზე, მიუხედავად იმისა, გემი უცხოური დროშის ქვეშ იქნება, თუ არა". 

ჟურავლევის მუქარა უკავშირდება ცოტა ხნის წინ გამოცემა Politico-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ევროკავშირის ქვეყნები, მათ შორის, ფინეთი, ლიტვა, ესტონეთი და ლატვია სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას მოიაზრებენ, რათა ბალტიის ზღვაში დააკავონ უფრო მეტი რუსული ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერი, რომლებიც რუსული ნავთობის კონტრაბანდულ გადაზიდვაში არიან ჩართულნი და დიდწილად აფინანსებენ რუსეთის აგრესიის ომს უკრაინის წინააღმდეგ. 

როგორც Politico წერს, აღნიშნული ქვეყნები შეშფოთებულები არიან, ვინაიდან რუსეთი ამგვარ ტანკერებს დასავლური სანქციების გვერდის ავლისთვის იყენებს. 

ჟურავლევმა ასევე დაამატა, რომ ქვეყნების მიერ ტანკერის მიტაცების ნებისმიერი შემთხვევა გამოიწვევს "საპასუხო ზომებს" მოსკოვისგან, რომლებიც "ბალტიის ზღვაში დასავლური გემების [სამხედრო გზით] ხელში ჩაგდებას და ამასთან, [რუსეთის] ბალტიის ფლოტის მხრიდან, რომელსაც ბალტიის ქვეყნების პატარა ნავების წყობა ვერც შეედრება, აქტიური ზომების გამოყენებასაც" შესაძლოა მოიცავდეს. 


ცნობისთვის, გამოცემა Politico-ს ცნობით, დეკემბერში ფინეთის მთავრობის მიერ რუსული ნავთობის გადამზიდი ტანკერის დაკავების შემდეგ ევროკავშირის პოლიტიკურ წრეებში მსჯელობა დაიწყეს ახალი სტრატეგიის შესახებ, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი რუსული ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემების მასშტაბური დაკავებებისთვის კონკრეტულ სამართლებრივ ზომებს მიიღებდა. ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტი სანქცირებული რუსული ნავთობის კონტრაბანდულ ტრანზიტშია ჩართული. 

საუბარია 2024 წლის დეკემბერში ფინეთის მიერ რუსული ტანკერი Eagle S-ის დაკავებაზე,  რომელმაც ბალტიის ზღვაში ფინეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელი წყალქვეშა ელექტროსადენი დააზიანა. გემს სანქტ პეტერბურგის მიმართულებით 100,000 ბარელი ნავთობი გადაჰქონდა. 

ანონიმური ევროპელი დიპლომატები და ოფიციალური პირები, რომლებიც საკითხზე Politico-ს ესაუბრნენ, ამბობენ, რომ ბალტიის ზღვაში რუსეთთან დაკავშირებული ნავთობის გადამზიდი ტანკერების მასშტაბური დაკავებების შესახებ ბლოკში მსჯელობა უკვე დაწყებულია. 

"[რუსული ნავთობის] სანქცირებული ვაჭრობის თითქმის 50% ფინეთის ყურის გავლით ხდება. არსებობს გარემოსდაცვითი რისკები, ყოფილა თავდასხმის შემთხვევები ჩვენს წყლისქვეშა ინფრასტრუქტურაზე. შეკითხვა ჩნდება... რა შეგვიძლია, ამ გემებით გავაკეთოთ. მთელ ზღვას ვერ დავბლოკავთ, თუმცა შეგვიძლია, მისი მეტი ნაწილი გავაკონტროლოთ... ძალიან ბევრი შესაძლებლობა გვაქვს". - თქვა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ. 

დასახელებული ზომები, ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, შესაძლოა მოიცავდეს როგორც საერთაშორისო სამართლის ნორმების გამოყენებას, მაგალითად, ტანკერების გარემოსდაცვით ან მეკობრეობის აღკვეთის საფუძველზე დაკავებას, ისე ახალი ეროვნული კანონების მიღებას, რომლებიც ევროკავშირის შესაბამის ქვეყნებს საშუალებას მისცემდა, დაეკავებინა გემები, რომლებიც ტერიტორიული წყლების მიღმა ოპერირებენ.

ეს ინიციატივა რუსეთის მიერ დასავლური სანქციების გვერდის ავლის საწინააღმდეგო ზომად იმოქმედებდა. ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა 2022 წელს რუსული ნავთობის იმპორტი აკრძალა, ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტი შესამჩნევად გაიზარდა, რამაც, როგორც Politico წერს, კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთის მიერ უკრაინაში ომის წარმოების გასაგრძელებლად. ამასთან, ნავთობი და ბუნებრივი აირისგან მიღებული შემოსავალი კრემლის შემოსავლების თითქმის ნახევარს შეადგენს. 

თუმცა, საზღვაო ექსპერტები ამბობენ, რომ ევროკავშირის მიერ ზემოხსენებული გადაწყვეტილების მიღების რისკები ზედმეტად მაღალია. ისააკ ლევი, ენერგიისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ "ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს ამჟამად რუსული ნედლი ნავთობის 80%-ზე მეტი გადააქვს". ლევის თქმით, მხოლოდ გასულ წელს ბალტიის ზღვის პორტებიდან გავიდა ასეთი 348 ტანკერი, რომლებიც რუსული ნავთობის საერთო გაყიდვების 40%-ს წარმოადგენენ. ლევის საპირისპიროდ, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის საზღვაო უსაფრთხოების პროფესორი ქრისტიანი ბიუგერი Politico-ს ეუბნება, რომ "რაც ახლა ხდება, ესკალაციაა. ჩვენ მხოლოდ მეტ თავდასხმას ვიხილავთ კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე როგორც ზღვაში, ისე ხმელეთზე". 

კომენტარები