პოლიტიკური კრიზისი

დროა: მოვუწოდებთ პრეზიდენტს, დაადოს ვეტო ინსპექტორზე, სასამართლოებზე, ცესკოზე ცვლილებებს

პარტია დროა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, ვეტო დაადოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საერთო სასამართლოებისა და ცესკოს შესახებ ინიცირებულ კანონპროექტებს. პარტია მიიჩნევს, რომ მიუხედავად ვეტოს დაძლევის შესაძლებლობისა, მსგავსი პოლიტიკური სვლა მკაფიოს გახდის, რომ ერთ მხარეს დარჩენილია ქართული ოცნება, ხოლო მეორე მხარეს – ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი.

"საგანგაშოა პარლამენტში დაგეგმილი 3 საკანონმდებლო ცვლილება, რომელთა მიზანი ერთადერთია –  სახელმწიფოს მიტაცება ინსტიტუტებზე დაუფარავი თავდასხმის გზით. ხელისუფლება ცდილობს, წინა საახალწლოდ, მათი გადმოსახედიდან პოლიტიკურად არააქტიურ პერიოდში, დაიწყოს შეტევა სამი მიმართულებით: გააუქმოს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი, გააძლიეროს მოსამართლეებზე რეპრესიები და კვლავ შესაძლებელი გახადოს ცესკოს თავმჯდომარის ერთპიროვნულად 5 წლით არჩევა. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტები დაჩქარებული წესით და დახურულ კარს მიღმა მომზადდა, რაც გამორიცხავს საზოგადოების ყოველგვარ ჩართულობას". – ნათქვამია დროას განცხადებაში.

პარტიის განცხადებით, აღნიშნული პროცესები მიუთითებს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება არცერთ დამოუკიდებელ ინსტიტუტს არ დატოვებს თავდასხმის გარეშე. დროას აზრით, თავდასხმის შემდეგი ობიექტი, შესაძლოა, ომბუდსმენის აპარატი იყოს. 

"არ უნდა დავუშვათ, ამ პროცესმა შეუმჩნევლად ჩაიაროს, ამიტომ ჩვენ, დროა აუცილებლად  შევხვდებით საერთაშორისო პარტნიორებს, რათა კარგად დავანახოთ, რამხელა ნაბიჯები გადაიდგა უკან იმ პროცესში, რომელშიც ამხელა რესურსი და ძალისხმევა ჩადეს". – ნათქვამია განცხადებაში.


სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და თანამდებობის გაუქმებაზე ცვლილებები ქართული ოცნების წევრებმა – რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე 2 სამსახური შეიქმნება. ლონდა თოლორაია ამბობს, რომ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის დაინიცირება "რატომღაც" დაემთხვა საახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში. მისივე თქმით, კანონპროექტის დაინიცირება ასევე დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს. 

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ინსპექტორის სამსახურის უფრო გაძლიერებას გეგმავენ და ლონდა თოლორაიას სამსახურს "მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში" სთავაზობს

არასამთავრობო ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ კანონპროექტის გამო და მას მმართველი პარტიის მხრიდან კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს მიმართ დაგეგმილ თავდასხმას უწოდებენ. კანონპროექტზე ქართული ოცნების წევრებს შეხვდა აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. დეგნანის თქმით, შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვა და მათ განხილვის გადადებისკენ მოუწოდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას გამოეხმაურა გაეროს ადამიანის უფლებების ოფისი და პარლამენტს მოუწოდა, გაიწვიოს ეს ინიციატივა.  კანონპროექტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც და დაწერა, რომ დაჩქარებული განხილვა უნდა შეწყდეს. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, კანონპროექტი საქართველოს დემოკრატიისთვის მაღალი რისკის შემცველია.


სერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. ინიციირებული ცვლილებები, მათ შორის, ითვალისწინებს მოსამართლეებისთვის დისციპლინური გადაცდომისა და სახდელის სახეების დამატებას, დისციპლინური სამართალწარმოების შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი კვორუმის შემცირებას და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების თანამდებობაზე ზედიზედ ორჯერ ერთი და იმავე პირის არჩევის აკრძალვის გაუქმებას.

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი. მისი თქმით, პროცესი ნაჩქარევად მიმდინარეობს და მეტ ინკლუზიურობას საჭიროებს.


15 დეკემბერს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ცენტრალური საარჩევნო კომისიის შესახებ კანონპროექტი. TI მიიჩნევს, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ფაქტობრივად, უქმდება 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების (ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმება) შედეგად შემუშავებული წესი და არსებითად უარესდება პარლამენტის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) თავმჯდომარის და პროფესიული წევრების არჩევის პროცედურა

კომენტარები