სახელმწიფო ინსპექტორის სასმსახური

საპარლამენტო ოპოზიცია: მოვითხოვთ, ოცნებამ შეაჩეროს ინსპექტორზე კანონპროექტის განხილვა

საპარლამენტო ოპოზიცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების შესახებ კანონპროექტის დაჩქარებულად განხილვის შეჩერებას მოითხოვს, რათა პარლამენტმა შეძლოს საკითხის შესწავლა ყველა დაინტერესებული პირების ჩართულობით. ერთობლივ განცხადებას სრულად გთავაზობთ:

"2019 წლის 1 ნოემბრიდან მოქმედებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი და ქვეყანას ჰყავს სახელმწიფო ინსპექტორი, რომელიც არჩეულია პარლამენტის მიერ 6 წლის ვადით. ამ პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიეკუთვნება იმ მცირერიცხოვან ინსტიტუტთა რიცხვს, რომლის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას დადებითად აფასებენ,  როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე  ქვეყნის გარეთ ჩვენი დასავლელი პარტნიორები.

დღეს, ნაცვლად იმისა, რომ გადავდგათ ნაბიჯი წინ სამსახურის შემდგომი გაძლიერების მიზნით, რადგან  სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება  ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ვხედავთ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების მცდელობას, რის უკანაც იკვეთება დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყების წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორების ნიშნები.

ამას ადასტურებს ისიც, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადებაში ჩართულები არ იყვნენ არათუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები, არამედ ეს ინიციატივა იყო მოულოდნელი თავად სახელმწიფო ინსპექტორისთვის და მთლიანად სამსახურისთვის. 

მეტიც, საქართველოს პარლამენტში, უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას,  საშიში პრეცედენტია და დამოუკიდებელი ინსტიტუტის ხელმძღვანელისთვის კონკრეტული ვადით  მინიჭებულ ხელშეუხებლობას აზრს უკარგავს. 

ამასთან, ინიცირებული რესტრუქტურიზაციის  საფარქვეშ პარლამენტის მიერ არჩეული სახელმწიფო ინსპექტორის ვადაზე ადრე ფაქტობრივი გადაყენება თანამდებობიდან, გარდა უშუალოდ ამ ინსტიტუტზე დარტყმის და დასუსტებისა, არის ღია გზავნილი სხვა, ხელისუფლებისგან მეტნაკლებად დამოუკიდებელი თანამდებობის პირის თუ საჯარო მოხელის მიმართ, რომ ისინი შეიძლება მკაცრად დაისაჯონ პროფესიული მოვალეობების შესრულებისთვის. 

შესაბამისად, პრინციპულად მიგვაჩნია,  რომ პარლამენტმა ჯერ განიხილოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით წარმოდგენილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში, რომელიც 8 თვის წინ წარედგინა პარლამენტს და მხოლოდ ამის შემდგომ დავიწყოთ მსჯელობა კანონში ცვლილებების მიზანშეწონილობის შესახებ. 

მოვითხოვთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ შეაჩეროს დაჩქარებული წესით საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა, რათა პარლამენტმა უზრუნველყოს საკითხის ყოველმხრივი, მიუკერძოებელი შესწავლა და ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობით განხილვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება მორიგი პრეცედენტი, დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის წინააღმდეგ შეტევის და დემოკრატიზაციის გზაზე მორიგი უკან გადადგმული ნაბიჯი".

ხელმოწერები:

  • ფრაქცია ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის
  • პოლიტიკური ჯგუფი რეფორმების ჯგუფი
  • ფრაქცია ენმ
  • პოლიტიკური ჯგუფი გირჩი
  • პოლიტიკური ჯგუფი მოქალაქეები

დამოუკიდებელი დეპუტატები: 

  • თამარ ჩარკვიანი
  • ანა ბუჩუკური 
  • მიხეილ დაუშვილი
  • ბექა ლილუაშვილი
  • გიორგი ხოჯევანიშვილი
  • შალვა კერესელიძე
  • ალექსანდრე მოწერელია

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და თანამდებობის გაუქმებაზე ცვლილებები ქართული ოცნების წევრებმა – რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე 2 სამსახური შეიქმნება. ლონდა თოლორაია ამბობს, რომ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის დაინიცირება "რატომღაც" დაემთხვა საახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში. მისივე თქმით, კანონპროექტის დაინიცირება ასევე დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს. 

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ინსპექტორის სამსახურის უფრო გაძლიერებას გეგმავენ და ლონდა თოლორაიას სამსახურს "მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში" სთავაზობს

არასამთავრობო ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ კანონპროექტის გამო და მას მმართველი პარტიის მხრიდან კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს მიმართ დაგეგმილ თავდასხმას უწოდებენ. კანონპროექტზე ქართული ოცნების წევრებს შეხვდა აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. დეგნანის თქმით, შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვა და მათ განხილვის გადადებისკენ მოუწოდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას გამოეხმაურა გაეროს ადამიანის უფლებების ოფისი და პარლამენტს მოუწოდა, გაიწვიოს ეს ინიციატივა.  კანონპროექტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც და დაწერა, რომ დაჩქარებული განხილვა უნდა შეწყდეს. 

კომენტარები