აშშ-რუსეთი

აშშ-რუსეთის წარმომადგენლები უსაფრთხოების საკითხზე მოლაპარაკებებისთვის 10 იანვარს შეხვდებიან

REUTERS

აშშ-ს და რუსეთის წარმომადგენლები უშიშროების საკითხების, სამხედრო აქტივობის და უკრაინის საზღვრებთან დაძაბული მდგომარეობის განხილვისთვის 10 იანვარს შეხვდებიან.

აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა შეხვედრის თარიღი 27 დეკემბერს დაადასტურა. მისვე თქმით, დიდი ალბათობით რუსეთის და NATO-ს წარმომადგენლები 12 იანვარს შეხვდებიან ერთმანეთს, მხარეებს შორის შეხვედრები ასევე გაიმართება 13 იანვარს.

შეხვედრების თარიღები ასევე დაადასტურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა. რიაბკოვმა იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებების შედეგად მოსკოვი დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს.

მინისტრის მოადგილის თანახმად, NATO-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა 12 იანვარს ბრიუსელში გაიმართება. NATO-რუსეთის საბჭოს ფარგლებში შეხვედრის ინიციატივა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გამოთქვა. 13 იანვარის მოლაპარაკებებში ეუთო იქნება ჩართული.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრმა Reuters-თან ანონიმურად საუბრისას აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დროს უკრაინასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული უკრაინის გარეშე.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრმა Reuters-თან ანონიმურად საუბრისას აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დროს უკრაინასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული უკრაინის გარეშე.


11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000-კაციან თავდასხმას გეგმავდეს.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. ვრცლად ბელარუსის როლზე რუსეთის ჰიბრიდულ ომში წაიკითხეთ აქ – ბელარუსი რუსეთის ჰიბრიდულ ომში – ვასალიტეტი XXI საუკუნეში.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები