აშშ-რუსეთი

ლავროვი: აშშ-სთან უსაფრთხოებაზე მოლაპარაკებებს საახალწლო არდადეგების შემდეგ გავმართავთ

სერგეი ლავროვი
AP

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, აშშ-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებებს მხარეების "საახალწლო არდადეგების" შემდეგ გამართავენ.

"შეერთებულ შტატებთან [უსაფრთხოების საკითხებზე] მოლაპარაკებების ძირითად რაუნდს გავმართავთ, რომელიც საახალწლო არდადეგების დარსულებისთანავე გაიმართება" – თქვა ლავროვმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მოსკოვისთვის მნიშვნელობა აქვს მოლაპარაკებების ვადებს და დაუშვებელია მათი გაჭიანურება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ამ საკითხზე ულტიმატუმს არ აყენებს.

"მთავარია, როგორც პრეზიდენტმა თქვა, არ იყოს ლაყბობა, რათა ჩვენი წინადადებები დაუსრულებელ დისკუსიებში არ გაეხვას, რითაც დასავლეთი ცნობილია და რაც იცის, როგორ გააკეთოს. ამ ყველა დიპლომატიურ ძალისხმევას ჰქონდეს შედეგი, შედეგი რაღაც განსაზღვრულ დროში. ჩვენ არანაირ ულტიმატუმებს არ ვაყენებთ." – თქვა მინისტრმა.

ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებებში რუსეთი აშშ-ს უნდა ესაუბროს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით მოლაპარაკებებში აშშ-სა და რუსეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. მან ასევე აღნიშნა რუსეთის მზაობა, დაეწყო მოლაპარაკებები აშშ-სთან.

11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000-კაციან თავდასხმას გეგმავდეს.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. ვრცლად ბელარუსის როლზე რუსეთის ჰიბრიდულ ომში წაიკითხეთ აქ – ბელარუსი რუსეთის ჰიბრიდულ ომში – ვასალიტეტი XXI საუკუნეში.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები