დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

რუსეთმა უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში 10 000-კაციანი სამხედრო წვრთნები დაასრულა

Alexander Avilov / Moskva News Agency

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დასრულდა ერთთვიანი სამხედრო წვრთნები, რომლებშიც 10 000 სამხედრო მონაწილეობდა. უწყების ინფორმაციით, სამხრეთ სამხედრო ოლქისთვის წვრთნები გაიმართა ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში, მათ შორის როსტოვში, კრასნოდარში და ანექსირებულ ყირიმში. თუმცა აღსანიშნავია, რომ სამხედრო წვრთნები ასევე ჩატარდა სტავროპოლში, ასტრახანში, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებსა და სომხეთშიც.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო შენაერთები მუდმივი დისლოკაციის ბაზებს დაუბრუნდებოდნენ.

უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კვლავ დაძაბულია. უკრაინა და მისი დასავლელი პარტნიორები რუსეთის სამხედრო აგრესიის საფრთხეზე საუბრობენ, ხოლო რუსეთი კი ჯარების გადაადგილებას სამხედრო წვრთნებით ამართლებს და ამბობს, რომ საკუთარ ტერიტორიაზე სამხედრო ძალების მოძრაობა სხვა ქვეყნებს საფრთხეს არ უქმნის.

უკრაინის საზღვრებთან, კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000-კაციან თავდასხმას გეგმავდეს.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. ვრცლად ბელარუსის როლზე რუსეთის ჰიბრიდულ ომში წაიკითხეთ აქ – ბელარუსი რუსეთის ჰიბრიდულ ომში – ვასალიტეტი XXI საუკუნეში.

პარალელურად დაძაბულია NATO-სა და რუსეთის ურთიერთობა. 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები