საზოგადოებრივი ტრანსპორტი

ხმალაძე: საზ. ტრანსპორტის ტარიფების ახალი სისტემა მთლიანად მგზავრის ნებაზეა დაფუძნებული

თბილისის ვიცე- მერის, ირაკლი ხმალაძის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადახდის ახალი სისტემა მთლიანად მგზავრის ნებაზეა დაფუძნებული. მისივე თქმით, ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის აქტიურ მოხმარებაზე ორიენტირებული წამახალისებელი გადახდის სისტემა. 

"გადახდის ახალ სისტემაში შემოვიდა ულიმიტო პაკეტები და შეიცვალა მთლიანად პროდუქტის სახეობა. აქამდე თუ იყო მეტრო და ავტობუსი, ახლა არის მეტრო, ავტობუსი და მიკროავტობუსი. შემოვიდა ვადიანი ბარათები. ერთი წლიდან დაწყებული, 90 წუთით დასრულებული სხვადასხვა ფასის და ვადიანი პაკეტები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მგზავრის ნებაზე დაფუძნებული გადახდის სისტემა. იქიდან გამომდინარე, თუ რამდენად აქტიურად აპირებს აბონემენტის გამოყენებას, აქტიურობის შესაბამისად განპირობებულია ფასი. თუ აქტიურია მომხმარებელი, მგზავრობის ფასი კიდევ უფრო დაბალი გამოდის. ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის აქტიურ მოხმარებაზე ორიენტირებული წამახალისებელი გადახდის სისტემა. თქვენ შეძენილი თუ გაქვთ ერთწლიანი ბარათი, ნაკლებად ჩნდება მანქანით მგზავრობის სურვილი, რადგან წინსწრებით გადახდილი გაქვთ და თქვენ უკვე დამატებით აღარ იხდით. ყოველი შემდეგი მგზავრობა თქვენთვის არის ულიმიტო და უფასო".- ამბობს ხმალაძე. 

მისივე თქმით, "გადახდის სისტემის ოპტიმიზაციისა და მგზავრების კომფორტის გაზრდის მიზნით", აბონემენტის პაკეტის საბანაკო ბარათისთვის მიბმაზე მუშაობა მიმდინარეობს. ირაკლი ხმალაძემ ისიც განმარტა, რომ ახალი ბარათი გამორიცხავს რამდენიმე ადამიანის მხრიდან ერთი ბარათით სარგებლობას.

"სააბონიმენტო სისტემა სიახლეა. ჩვენ ბანკებთან გვაქვს უკვე საუბარი. თქვენ იცით, რომ მგზავრობა, ასევე, საბანკო ბარათითაც არის შესაძლებელი. ამჟამად, მიდის მუშაობა იმაზე, რომ აბონემენტის პაკეტი მიებას საბანკო ბარათს. ამასაც უახლოეს პერიოდში შევძლებთ. ასეთ შემთხვევაში შეიძლება აბონემენტის ფიზიკურად ქონა და საერთოდ პლასტიკური ბარათის ტარება არ მოუწიოს ადამიანს. პირდაპირ საბანკო ბარათს მიაბას კონკრეტული სამგზავრო პაკეტი. ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება კომფორტული გავხადოთ გადახდის სისტემა. რაც შეეხება მეტრომანების მოხმარებას, ჯერ კიდევ დარჩება, რადგან ზედ არის დარიცხული ანგარიშზე დეპოზიტი. ამ ბარათების მოხმარება მათთვის შესაძლებელი იქნება".- ამბობს ხმალაძე. 


თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის სისტემა იცვლება და 2022 წლის თებერვლიდან ძალაში ახალი, ულიმიტო ბარათების სისტემა შემოდის. თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, აბონემენტების შეძენა მოქალაქეებს 5 იანვრიდან მეტროს სალაროებსა და საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალებში შეეძლებათ. 

ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთჯერადად მგზავრობა 1 ლარი ხდება - თუმცა, მერიის განმარტებით, შემოდის საშეღავათო სისტემა. 

მოქალაქეები 7 სახის აბონემენტით სარგებლობას შეძლებენ, მათგან ყველაზე იაფი ერთჯერადი პაკეტია, რომლის ღირებულება 1 ლარს შეადგენს და 90 წუთის მანძილზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით ულიმიტო სარგებლობის უფლებას იძლევა. 

კომენტარები