საზოგადოებრივი ტრანპორტი

თუ სამუშაო დღეებში 2-ჯერ მგზავრობთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი 2-ჯერ გაგიძვირდებათ

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის სისტემა იცვლება და 2022 წლის თებერვლიდან ძალაში ახალი, ულიმიტო ბარათების სისტემა შემოდის. 

მოქალაქეები 7 სახის აბონემენტით სარგებლობას შეძლებენ, მათგან ყველაზე იაფი ერთჯერადი პაკეტია, რომლის ღირებულება 1 ლარს შეადგენს და 90 წუთის მანძილზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით ულიმიტო სარგებლობის უფლებას იძლევა. 

აბონემენტები შემდეგგვარია:

  • ულიმიტო 90-წუთიანი, ღირებულება - 1 ლარი;
  • ულიმიტო 1-დღიანი, ღირებულება - 3 ლარი;
  • ულიმიტო 1-კვირიანი, ღირებულება - 20 ლარი;
  • ულიმიტო 1-თვიანი, ღირებულება - 40 ლარი; 
  • ულიმიტო 3-თვიანი, ღირებულება - 100 ლარი;
  • ულიმიტო 6-თვიანი, ღირებულება - 150 ლარი;
  • ულიმიტო 1-წლიანი, ღირებულება - 250 ლარი. 

იმ შემთხვევაში, თუკი შრომისუნარიანი მოქალაქე, რომელიც ვერ სარგებლობს შეღავათიანი ტარიფებით, არ შეიძენს საკმაოდ ძვირადღირებულ სააბონენტო პაკეტს, რომლის ღირებულებაც თითქმის საარსებო მინიმუმს უტოლდება, ახალი მოდელით ერთჯერადად მგზავრობაში ორმაგ თანხას გადაიხდის. 

საგულისხმოა, რომ მგზავრთა მნიშვნელოვანი ნაწილი საზოგადოებრივ ტრანსპორტს 90 წუთის ინტერვალით არ იყენებს. მერიის ახალი ინიციატივა მოქალაქეთა იმ ნაწილისთვის, რომელიც ერთი სახის ტრანსპორტს, მაგალითად, მეტროს ან ავტობუსს დღეში ორჯერ იყენებს, თუმცა 90 წუთზე ხანგრძლივი ინტერვალით, მგზავრობის ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის. 

განვიხილოთ შემდეგი მაგალითი: მოქალაქეს, რომელსაც თვეში, საშუალოდ, 22 დღის განმავლობაში უწევდა ავტობუსით ან მეტროთი დღეში ორჯერ მგზავრობა, ძველი მოდელით 22 ლარს ხარჯავდა (22x2x0.5). ახალი სისტემის შემთხვევაში, სატრანსპორტო დანახარჯები ორმაგდება და 44 ლარს აღწევს (22x2x1).

აღსანიშნავია, რომ ახალ ერთჯერადი გადახდის მოდელთან შედარებით, 1-თვიანი პაკეტი მხოლოდ 4-ლარიან შეღავათ იძლევა, ძველ მოდელთან შედარებით კი 18 ლარით ძვირია. მოცემული შემთხვევის პირობების გათვალისწინებით, 3-თვიანი აბონემენტის შეძენის შემთხვევაში, მოქალაქეებს 34 ლარით მეტის დახარჯვა მოუწევთ, ერთჯერადი გადახდით კი – 66 ლარით მეტის. 

ახალი სისტემა 6-თვიანი აბონემენტის შეძენის შემთხვევაშიც კი ძვირია, ვიდრე ამჟამად არსებული მოდელი.

თუკი მოცემულ მაგალითს ერთ წელიწადზე დავიანგარიშებთ, აღმოვაჩენთ, რომ ერთჯერადი მგზავრობის შემთხვევაში სატრანსპორტო ხარჯები 264 ლარიდან 528 ლარამდე იზრდება. 

მოქალაქეთა ის ნაწილი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტს მსგავსი დანიშნულებით იყენებს, ფაქტობრივად იძულებული ხდება, რომ 250-ლარიანი აბონემენტი შეიძინოს, რომელიც მხოლოდ 14-ლარიან შეღავათს იძლევა და, შესაძლოა, მოქალაქის ერთი თვის ხელფასსაც აღწევდეს.
 
აღსანიშნავია, რომ ერთი წლის განმავლობაში ყოველდღიურად საზოგადოებრივ ტრანსპორტს მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილი არ იყენებს. უქმეების, დასვენების დღეების, გაცდენების, მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვებისა თუ სხვა რიგი ფაქტორების გათვალისწინებით, შესაძლოა, რომ ახალი 250-ლარიანი აბონემენტის რეალურმა ფასმა, არათუ შეღავათი მოგვცეს, არამედ ძველი სისტემის ღირებულებასაც გადააჭარბოს. 

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განმარტებით, ახალი სააბონენტო სისტემა მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციას და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდას, თუმცა, ფაქტია, რომ ახალი მოდელი მხოლოდ იმ შემთხვევაშია მომგებიანი, თუკი მოქალაქე ყოველდღიურად რამდენიმე ტიპის ტრანსპორტს იყენებს, ან დღეში რამდენჯერმე მგზავრობს.

ასევე, საკითხავია, რამდენად გონივრულია ერთჯერადი მგზავრობის გაძვირება იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანაში 12.5%-იანი ინფლაცია და 18.5%-იანი უმუშევრობის დონეა, საარსებო მინიმუმი და საყოფაცხოვრებო ხარჯები კი თითქმის ყოველთვიურად იზრდება
 

კომენტარები