თბილისის მერიის ცნობით, საქართველო-ჩეხეთის მატჩის გამო, რუსთაველის გამზირისა და რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 18 ნოემბრის 17:00 საათიდან 20 ნოემბრის 14:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. ავტობუსების ნაწილი 20 ნოემბრის 02:00 საათამდე იმოძრავებს, გვიანობამდე იმუშავებს თბილისის მეტროც.
"პირველი რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდება, რის გამოც, ტრანსპორტის გადაადგილება დროებით აიკრძალება. შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 18 ნოემბრის 17:00 საათიდან 20 ნოემბრის 14:00 საათამდე იმოქმედებს.
რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავასა ქუჩების მიმართულებით. ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით იმოძრავებენ, კოსტავას ქუჩიდან კი გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N359 ავტობუსი ვაკის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, შემდეგ კი იმოძრავებს დადგენილი სქემით; N457 მიკროავტობუსი ბესიკის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებს, რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და შემდეგ სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებს.
გარდა ამისა, მატჩის დასრულების შემდეგ, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით მოემსახურება. კერძოდ, ავტობუსები: N301, N306, N308, N309, N310, N314, N326, N331, N337, N342, N345, N352, N358, N359, N364, N388, N391 და N397, 20 ნოემბრის 02:00 საათამდე იმოძრავებენ. გვიანობამდე იმუშავებს თბილისის მეტროც.
უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგი შეხვედრა 19 ნოემბერს, ჩეხეთის ქალაქ ოლომოუცში, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება". - წერს მერია.
"რესპუბლიკის მოედანზე დაიდგმება ეკრანები, სადაც გულშემატკივარს შეეძლება, თვალი ადევნოს თამაშს და უქომაგოს საქართველოს ნაკრებს". - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.





