საზოგადოებრივი ტრანსპორტი

საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთჯერადად მგზავრობა 1 ლარი ხდება

საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთჯერადად მგზავრობა 1 ლარი ხდება. თბილისის მერიას ტრანსპორტში განახლებული გადახდის სისტემა შემოაქვს - მოქალაქეებს 7 სახის აბონემენტის არჩევა შეეძლებათ. სისტემა 1-ლი თებერვლიდან ამოქმედდება.

"მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ გადახდის სისტემიდან მათთვის სასურველი პაკეტი. ერთჯერადად მგზავრობის შემთხვევაში ტარიფი იქნება 1 ლარი, რომლითაც მგზავრს შეუძლია 90 წუთის მანძილზე ისარგებლოს მეტროთი, ავტობუსით, მიკროავტობუსით ან უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე საბაგირო ხაზით. ამასთან, უფასო და შეღავათიანი მგზავრობით მომხმარებელთა რამდენიმე კატეგორია ისარგებლებს: სოციალურად დაუცველები, სტუდენტები, მოსწავლეები, მასწავლებლები, პედაგოგები და სხვა". - უთხრეს ტაბულას თბილისის მერიაში.  

კახა კალაძე განმარტავს, რომ ძველი საშეღავათო სისტემა ძალაში რჩება:

"უფასოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა შეეძლებათ თბილისში რეგისტრირებულ უსინათლო პირებს, მათ თანმხლებ და გამცილებელ პირებს, ასევე, მოსწავლეებს, უბნის ინსპექტორებს, ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებს, თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლებს, თბილისში რეგისტრირებული სამხედრო ძალების ვეტერანებს და სხვებს. 

20-თეთრის გადახდის საშუალებით მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები და პროფესიული სტუდენტები, საჯარო ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლები, პენსიონერები, პოლიკლინიკებში დასაქმებული უბნის ექიმები, უბნის პედიატრები და ოჯახის ექიმები, მანდატურები და სხვა. 

10-თეთრიანი მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები". - ამბობს კალაძე.

თბილისის მერი განმარტავს, რომ აბონემენტი შვიდგვარია: 

  • ულიმიტო 90-წუთიანი ბარათის ღირებულება 1 ლარი იქნება - ის განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომლებიც ხშირად არ მოიხმარენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და შეღავათიან ფასში ხანგრძლივვადიანი ბარათის შეძენა არ სჭირდებათ. მოქალაქეს 90 წუთის განმავლობაში 1 ლარად ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტით - მეტროთი, ავტობუსითა და მიკროავტობუსით მგზავრობა შეეძლება. აბონემენტის მფლობელი 90-წუთის განმავლობაში ტრასპორტებს შორის გადაჯდომისას დამატებით თანხას არ გადაიხდის. 
  • ულიმიტო 1-დღიანი ბარათის ღირებულება 3 ლარი იქნება. 1-დღიანი ბარათის მფლობელი მთელი დღის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით 3 ლარად იმგზავრებს.  
  • ულიმიტო 1-კვირიანი ბარათი 20 ლარი ეღირება - მოქალაქეს შეეძლება, საზოგადოებრივი ტრანსპორტით 1 კვირის განმავლობაში 20 ლარად იმგზავროს. კალაძის განმარტებით, ბარათი, ძირითადად, ტურისტებზეა გათვლილი, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტის აქტიურ მომხმარებლებზე სხვა ტიპის ბარათებია გათვლილი, რომლებიც "ბევრად შეღავათიან ფასში უზრუნველყობს მოქალაქეების ტრანსპორტირებას". 
  • ულიმიტო 1-თვიანი ბარათი 40 ლარი ეღირება - მფლობელს შეეძლება, თვის განმავლობაში ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით 40 ლარად იმგზავროს. "ეს, ჩვენი გათვლებით, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბარათი იქნება". - ამბობს კალაძე. მისივე სიტყვებით, მათი კვლევებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველაზე აქტიურ მომხმარებლებს დღეში, საშუალოდ, 2 ტიპის ტრანსპორტის გამოცვლა უწევთ, მათი თვიური დანახარჯი კი 40-60 ლარია.
  • ულიმიტო 3-თვიანი ბარათი 100 ლარი ეღირება და, კალაძის თქმით "კიდევ უფრო მაღალ ეკონომიას უზრუნველყოფს". 
  • 6-თვიანი ულიმიტო ბარათის ფასი, კალაძის თქმით, 150 ლარი იქნება.
  • 1-წლიანი აბონემენტის ღირებულება 250 ლარი იქნება. 

კომენტარები