საზოგადოებრივი ტრანსპორტი

რას გულისხმობს ტრანსპორტში ულიმიტო აბონემენტების სისტემა – კალაძის განმარტება

თბილისის მერია

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, 1-ლი თებერვლიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის სისტემა განახლდება - მერიას ულიმიტო აბონემენტების სისტემა შემოაქვს. კალაძის თქმით, აბონემენტების შეძენა მოქალაქეებს 5 იანვრიდან მეტროს სალაროებსა და საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალებში შეეძლებათ. 

საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთჯერადად მგზავრობა 1 ლარი ხდება - თუმცა, მერიის განმარტებით, შემოდის საშეღავათო სისტემა.  

თბილისის მერი განმარტავს, რომ აბონემენტი შვიდგვარია: 

  • ულიმიტო 90-წუთიანი ბარათის ღირებულება 1 ლარი იქნება - ის განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომლებიც ხშირად არ მოიხმარენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და შეღავათიან ფასში ხანგრძლივვადიანი ბარათის შეძენა არ სჭირდებათ. მოქალაქეს 90 წუთის განმავლობაში 1 ლარად ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტით - მეტროთი, ავტობუსითა და მიკროავტობუსით მგზავრობა შეეძლება. აბონემენტის მფლობელი 90-წუთის განმავლობაში ტრასპორტებს შორის გადაჯდომისას დამატებით თანხას არ გადაიხდის. 
  • ულიმიტო 1-დღიანი ბარათის ღირებულება 3 ლარი იქნება. 1-დღიანი ბარათის მფლობელი მთელი დღის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით 3 ლარად იმგზავრებს.  
  • ულიმიტო 1-კვირიანი ბარათი 20 ლარი ეღირება - მოქალაქეს შეეძლება საზოგადოებრივი ტრანსპორტით 1 კვირის განმავლობაში 20 ლარად იმგზავროს. კალაძის განმარტებით, ბარათი, ძირითადად, ტურისტებისთვისაა განკუთვნილი, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტის აქტიურ მომხმარებლებზე სხვა ტიპის ბარათებია გათვლილი, რომლებიც "ბევრად შეღავათიან ფასში უზრუნველყოფს მოქალაქეების ტრანსპორტირებას". 
  • ულიმიტო 1-თვიანი ბარათი 40 ლარი ეღირება - მფლობელს შეეძლება, თვის განმავლობაში ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით 40 ლარად იმგზავროს. "ეს, ჩვენი გათვლებით, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბარათი იქნება". - ამბობს კალაძე. მისივე სიტყვებით, მათი კვლევებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველაზე აქტიურ მომხმარებლებს დღეში, საშუალოდ, 2 ტიპის ტრანსპორტის გამოცვლა უწევთ, მათი თვიური დანახარჯი კი 40-60 ლარია.
  • ულიმიტო 3-თვიანი ბარათი 100 ლარი ეღირება და, კალაძის თქმით "კიდევ უფრო მაღალ ეკონომიას უზრუნველყოფს". 
  • 6-თვიანი ულიმიტო ბარათის ფასი, კალაძის თქმით, 150 ლარი იქნება.
  • 1-წლიანი აბონემენტის ღირებულება 250 ლარი იქნება. 

"უფასოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა შეეძლება თბილისში რეგისტრირებულ უსინათლო პირებს, მათ თანმხლებ და გამცილებელ პირებს, ასევე, მოსწავლეებს, უბნის ინსპექტორებს, ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებს, თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლებს, თბილისში რეგისტრირებული სამხედრო ძალების ვეტერანებს და სხვებს. 

20-თეთრის გადახდის საშუალებით მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები და პროფესიული სტუდენტები, საჯარო ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლები, პენსიონერები, პოლიკლინიკებში დასაქმებული უბნის ექიმები, უბნის პედიატრები და ოჯახის ექიმები, მანდატურები და სხვა. 

10-თეთრიანი მგზავრობის უფლებით ისარგებლებს სოციალურად დაუცველ ოჯახებთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები". - ამბობს კალაძე. 

კომენტარები