საზოგადოებრივი ტრანსპორტი

კალაძე: 18-მეტრიან ავტობუსებს დეკემბერში შემოვიყვანთ, განტვირთვის საშუალებას მოგვცემს

თბილისის მერი კახა კალაძე მიუნხენში კომპანია MAN-ის  წარმომადგენლებს შეხვდა და  თბილისისთვის განკუთვნილი 18-მეტრიანი ავტობუსები დაათვალიერა. კალაძის თქმით, ავტობუსების შემოყვანა დეკემბრის თვიდან დაიწყება.

"160 ერთეული ავტობუსი შევიძინეთ. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ხელშეწყობა. დედაქალაქის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს და ადამიანები თავისუფლად გადაადგილებოდნენ.

დღეს გვაქვს გარკვეული გამოწვევები - ვხედავთ გადაჭედილ ავტობუსებს. 18-მეტრიანი ავტობუსები განტვირთვის და უფრო მეტი მგზავრის გადაყვანის საშუალებას მოგვცემს. ბოლო სამი წლის მანძილზე მთლიანად განვაახლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ქალაქს ახალი ავტობუსები და  მიკროავტობუსები ჰყავს. ბოლო ეტაპი იყო 18-მეტრიანი ავტობუსების შემოიყვანა, რაც მომავალი წლის ბოლოსთვის მთლიანად დასრულდება. წელს, დეკემბერში 50 ერთეული შემოვა საქართველოში  და იანვრის ბოლოდან მოემსახურება თბილისის მოსახლეობას. აღნიშნული ავტობუსები როგორც ვიზუალურად მოუხდება ქალაქს, ასევე, მგზავრთა გადაყვანის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ცნობით, ახალი ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით.

"ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე, აქვს გადმოსაშლელი პანდუსი. ტრანსპორტში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე. 

ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო სისტემით, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, მობილურის დასატენი წერტილებით და მონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით.

ტრანსპორტში მოქმედებს საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს მგზავრების საფასურის გადახდისა და საინფორმაციო სისტემების მართვის კომპიუტერს, საინფორმაციო დაფებს, აუდიო,  საინფორმაციო და ვიდეომონიტორინგის სისტემას, ასევე WIFI მოწყობილობას" - აცხადებს მერია.

კომენტარები