ვაქცინაცია

გამყრელიძე: ჩვენი წინადადებაა, სრულად ვაქცინირებულად ჩაითვალონ მესამე დოზით აცრილები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, იმუნიზაციის საბჭო განიხილავს ინიციატივას, რომ სრულად ვაქცინირებულად ჩაითვალოს ის პირი, რომელსაც ვაქცინის მესამე, ბუსტერ დოზა ექნება გაკეთებული.

"ჩვენი წინადადებაა, რომ იანვრიდან და ამას განიხილავს იმუნიზაციის საბჭო, რომ სრულად აცრილად ჩაითვალოს უკვე არა ორჯერ აცრილი, არამედ ბუსტერიზირებული ადამიანი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სწრაფად ვერ იქნება, მაგრამ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას". – ამბობს ამირან გამყრელიძე.

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის 24 შემთხვევაა დადასტურებული. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ყველა შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს.

ქვეყანაში COVID 19-ის 33 819 აქტიური შემთხვევაა. 1 350 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 313 პაციენტი იმყოფება. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6.07%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.58% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.19%.

22 დეკემბრის დილის მონაცემებით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში დაინფიცირდა 916 477 ადამიანი, მათგან 869 411 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 13 221 კი გარდაიცვალა.


კორონავირუსის ახალი ვარიანტი ომიკრონი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სამხრეთ აფრიკისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობითომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და უპრეცედენტოდ სისწრაფით ვრცელდება.

წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. ომიკრონის მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს დელტა შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი.

ახალი ვარიანტის შემთხვევები ოფიციალურად 77 ქვეყანაში დადასტურდა. თუმცა ჯანმოს დირექტორის ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, სავარაუდოდ, ომიკრონი უკვე უფრო მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. 


ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები