ნინოწმინდის პანსიონი

"ნინოწმინდის პანსიონში არაერთი გამოწვევა რჩება" – ომბუდსმენის ანგარიში

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, პანსიონში არაერთი გამოწვევა რჩება. 

სახალხო დამცველის ინფორმაციით, გამოწვევები დაწესებულების და აღსაზრდელთა დოკუმენტაციის წარმოების, ისე არასრულწლოვანთა ინდივიდუალური, მათ შორის, ბიო-ფსიქო-სოციალური საჭიროებების შეფასებისა და უზრუნველყოფის კუთხით არსებობს. ანგარიშის მიხედვით, პრობლემური და არაეფექტურია ბავშვებთან მომუშავე უწყებებსა და დაწესებულებებს შორის კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაცვლის საკითხი, არასრულწლოვანთა საჭიროებების დაკმაყოფილების პროცესზე უარყოფითად აისახება და მათ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ნინო ლომჯარიას შეფასებით, საკითხზე განსაკუთრებით უარყოფითად აისახება ბავშვთან მომუშავე სპეციალისტების და არასრულწლოვნისა და მისი ოჯახის მხარდაჭერაზე, გაძლიერებასა და, საჭიროებისამებრ, რეაბილიტაციაზე ორიენტირებული სერვისების სიმცირე.

"სახალხო დამცველის მიერ საკითხის შესწავლის შედეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბავშვების (ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში, დიდი ზომის რეზიდენტულ დაწესებულებაში, ცხოვრებაც კი არის სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების უფლებების დარღვევა. მიუხედავად ამისა, ამ დრომდე ვერ მოხერხდა პანსიონის ყველა აღსაზრდელის ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნება და ამის შეუძლებლობის შემთხვევაში, ზრუნვის ალტერნატიულ, ოჯახთან მიმსგავსებულ სერვისში გადაყვანა. კერძოდ, 2021 წლის 22 ნოემბრის მონაცემებით, პანსიონში ირიცხებოდა 17 აღსაზრდელი, რომელთაგან 15 განაგრძობს დაწესებულებაში ცხოვრებას. შემაშფოთებელია ის გარემოებაც, რომ პანსიონში ამჟამადაც ცხოვრობს ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი. ყოველივე აღნიშნული კი მიუთითებს სახელმწიფო უწყებების მხრიდან ბავშვზე ორიენტირებული გარემოს უზრუნველყოფის კუთხით არაეფექტიანი პოლიტიკის მაგალითია". - წერს ომბუდსმენი.  

ომბუდსმენის ანგარიშში აღნიშნულია, ბავშვებთან გასაუბრებისას გამოვლენილი ქცევები - სხეულის დაძაბულობა, განრიდების (დისოციაციის) რეაქციები, მზერითი კონტაქტის არარსებობა, მწირი ლექსიკური მარაგი, თვითდამაზიანებელი ქცევა (საკუთარი ხელისგულის დაკემსვა ნემსით და ძაფით), ასევე სოციალური მუშაკების მიერ მოპოვებული ინფორმაცია, სადაც იკვეთება რეგრესული ქცევა (თითის წოვა თითის დაზიანებამდე) შესაძლებელია, მიანიშნებდეს განვითარების ტრავმაზე. 

ასევე, ომბუდსმენი წერს, რომ ერთ-ერთ საქმეში, რომელზეც აპარატმა ინდივიდუალური საქმისწარმოება დაიწყო და პანსიონის ყოფილ აღსაზრდელთან ვიზიტითაც იმყოფებოდა, გამოიკვეთა, რომ ბავშვს აქვს ქცევითი სირთულეები და ამჟამინდელ აღმზრდელს დასჯის მიზნით მოუწოდებდა, რომ დაება. 

"შესაბამისად, აუცილებელია ნინოწმინდის პანსიონის ყველა აღსაზრდელის ნეიროფსიქოლოგიური შეფასება, რათა დადგინდეს, როგორ აისახა დიდ ინსტიტუციაში ცხოვრება არასრულწლოვნების კოგნიტურ, ემოციურ და სოციალურ განვითარებაზე. აღნიშნული არსებითად მნიშვნელოვანი იქნება არასრულწლოვნების რეაბილიტაციისა და შემდგომი განვითარების ხელშეწყობის პროცესში". - ვკიტხულობთ ანგარიშში. 

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ დაწესებულებაში ამჟამადაც ცხოვრობს არასრულწლოვანი, რომელიც საუბრობს წარსულში მომხდარ ძალადობის ფაქტებზე და გამოთქვამს მზაობას, გამოკითხონ. 

"კერძოდ, 2021 წლის 22 ნოემბერს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში განხორციელებული ვიზიტისას ნინოწმინდის აღსაზრდელთა ინდივიდუალური განვითარების გეგმების გაცნობის შედეგად გაირკვა, რომ ერთ-ერთ ინდივიდუალური განვითარების გეგმაში ასახულია, რომ აღსაზრდელი ფლობს პანსიონში ბავშვთა მიმართ სავარაუდო ძალადობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც გამოკითხვისას არ განაცხადა თუმცა, ამჟამად მზადყოფნას გამოთქვამს, რომ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით გამოიკითხოს". - წერს ომბუდსმენი. 

ომბუდსმენის ანგარიში სრულად - ნახეთ აქ. 

ნინოწმინდის ბავშთა სახლში 2021 წლის გაზაფხულზე განვითარებული მოვლენების შემდეგ მეუფე სპირიდონის ნაცვლად პანსიონის ხელმძღვანელად ბავშვებზე ძალადობის გამმართლებელი მეუფე იაკობი დაინიშნა. მანამდე, 5 ივნისს სასამართლომ PHR-ის მოთხოვნა ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის შესახებ დააკმაყოფილა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ანა აბაშიძის თქმით, ბავშვების დაწესებულებიდან გაყვანა დაუყოვნებლივ უნდა დაეწყოთ. PHR-ის წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი განმარტავდა, რომ კანონმდებლობით ორგანიზაციისთვის განსაზღვრული სპეციალური მოსარჩელის სტატუსიდან გამომდინარე, განაჩენში არსებობდა ტექნიკური ჩანაწერი პანსიონიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანის შესახებ, მაგრამ, მისივე თქმით, თუ პანსიონში საფრთხე არსებობს, რომელზეც მოსამართლემად ისაუბრა, არ შეიძლება იქ რომელიმე ბავშვი დარჩენილიყო. 

ნინოწმინდის პანსიონში ძალადობაზე ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას პანსიონის ხელმძღვანელის, სხალთელი მიტოპოლიტი სპიროდონის დავალებით დაწესებულებაში მონიტორინგის ჩატარების უფლება არ მისცეს. პანსიონის ყოფილი აღსაზრდელები მედიასთან საუბრობდნენ, თუ რა დასჯის მეთოდები არსებობდა პანსიონში, ვინ აღასრულებდა მათ და როგორ ექცეოდნენ აღმზრდელები განსხვავებული კანის ფერის და გენეტიკური დაავადების მქონე ბავშვებს.

კომენტარები