თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილი აღსაზრდელების სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დაავალა. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ავრცელებს.
"სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 30 000 ლარის გადახდა დაევალა [...] სასამართლომ გადაწყვეტილება ჩვენი ორგანიზაციის სარჩელის საფუძველზე მიიღო. ჩვენ პირველი ინსტანციის სასამართლოში 11 ყოფილი ბენეფიციარის ინტერესებს წარმოვადგენდით და თითოეული მათგანისთვის 100 000-ლარიან კომპენსაციას ვითხოვდით.
ჩვენი პოზიციის თანახმად, მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურება პრაქტიკულად შეუძლებელია, ვინაიდან ვერანაირი თანხა ვერ იქნება ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის ექვივალენტური. თუმცა, კომპენსაცია უნდა იყოს ღირსეული და შეესაბამებოდეს კონკრეტულ გარემოებებს, მათ შორის ყოფილი აღსაზრდელების ასაკს, მათ განსაკუთრებულ მოწყვლადობას, ძალადობის ფორმებსა და ხანგრძლივობას". - წერია PHR-ის განცხადებაში.
ორგანიზაციის განცხადებით, კომპენსაციის ოდენობის ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. მათივე ცნობით, დაკისრებული თანხის ოდენობა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტრომაც.
2024 წელს გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მართულ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახელმწიფომ ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება და ვერ დაიცვა ბავშვები ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან, რითიც, ქვეყანამ ბავშვთა უფლებების დაცვაზე აღებული ვალდებულებები დაარღვია.
ნინოწმინდის პანსიონში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე სახალხო დამცველი პირველად 2015 წლის ანგარიშში წერდა. მოხსენებაში ნათქვამი იყო, რომ პანსიონში ხშირი იყო ბავშვებზე ძალადობის შემთხვევები. მიუხედავად ამისა, "საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ" საქართველოს კანონის ახალი რედაქციის ამოქმედების შემდეგ, 2016 წელს დაწესებულებას ლიცენზია მაინც მიენიჭა.
სახალხო დამცველის ოფისმა 2018 წელს გამოაქვეყნა შემდგომი ანგარიში, რომელშიც საუბარი იყო ბავშვთა სახლში არსებულ სისტემურ პრობლემებზე და ბავშვებზე ზრუნვის ზედამხედველობისა და გაუმჯობესების გადაუდებელ აუცილებლობაზე. 2020 წლის ივნისიდან თითქმის ერთი წლის განმავლობაშისახალხო დამცველის აპარატს არაერთხელ ეთქვა უარი ბავშვთა სახლში შესვლაზე.
2021 წელს პანსიონში ძალადობაზე ინფორმაცია სწორედ მას შემდეგ გავრცელდა, რაც მაშინდელ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას პანსიონის ხელმძღვანელის, სხალთელი მიტროპოლიტი სპირიდონის დავალებით, 2021 წლის 15 აპრილს დაწესებულებაში მონიტორინგის ჩატარების უფლება არ მისცეს. პანსიონის ყოფილი აღსაზრდელები მედიასთან საუბრობდნენ, თუ რა დასჯის მეთოდები არსებობდა პანსიონში, ვინ აღასრულებდა მათ და როგორ ექცეოდნენ აღმზრდელები განსხვავებული კანის ფერის და გენეტიკური დაავადების მქონე ბავშვებს.
საპასუხოდ, 2021 წლის 7 მაისს გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან მიმართებით დროებითი ღონისძიება გამოსცა. კერძოდ, კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფო ვალდებულებაა, დაუყოვნებლივ უზრუნველყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე გამოსცა.
ნინოწმინდის ბავშვთა სახლში 2021 წლის გაზაფხულზე განვითარებული მოვლენების შემდეგ მეუფე სპირიდონის ნაცვლად პანსიონის ხელმძღვანელად ბავშვებზე ძალადობის გამმართლებელი მეუფე იაკობი დაინიშნა. მანამდე, 5 ივნისს სასამართლომ PHR-ის მოთხოვნა ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის შესახებ დააკმაყოფილა.





