ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი

"ჩექმით გვცემდნენ, ჯოხითაც" – ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი

ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი მთავარ არხთან  ძალადობრივი მოპყრობის შესახებ საუბრობს. მისივე თქმით, პანსიონში ფეხსაცმლის ჩექმებითა და ჯოხებით სცემდნენ, ხანდახან წყალსაც არ ასმევდნენ. 

"ყველას თავის დასჯის ფორმა ჰქონდა, ზოგი საჭმელს არ გვაჭმევდა, ზოგი ფეხზე გვაყენებდა, ზოგი კუთხეში გვაყენებდა, ზოგს წყალი რომ უნდოდა არ უშვებდა მაშინ, საპირფარეშოში შესვლა რომ უნდოდა, არ აცდიდნენ. ყველას გვარი არ მახსოვს, ერთის მახსოვს ირმა გორდელიანი. ცალ ფეხზე დაგვაყენებდნენ და ხელში სკამებს გვაჭერინებდნენ, ხან ბუქნები, ბევრჯერ საჭმლის გარეშეც დავუტოვებივართ, ტუალეტში შევუყრივართ ყველა. ვიღაცა რომ იხმაურებდა, მაგ ერთი ბავშვის გამო ვისჯებოდით ყველა. ჩექმით, თვითონ თავისი ფეხსაცმლის ჩექმით, გვცემეს, ჯოხითაც იყო".- ამბობს პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი. 

ამასთან ერთად, პანსიონის სხვა ყოფილი აღსაზრდელი ეკლესიამ ჩვენების მიცემის შემდეგ გააგდო.

9 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციის პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) თავმჯდომარემ, ანა აბაშიძემაც თქვა, რომ მოწმეებზე მიდის სერიოზული ზეწოლა, ამიტომ აუცილებელია მათ მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენება.

ამასთან ერთად, სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ხიჭაურის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლიდან სტუდენტი ნინოწმინდის პანსიონში ძალადობაზე მიცემული ჩვენების გამო გააგდეს.


5 ივნისს სასამართლომ PHR-ის მოთხოვნა ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის შესახებ დააკმაყოფილა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ანა აბაშიძის თქმით, ბავშვების დაწესებულებიდან გაყვანა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. გადაწყვეტილება მოსამართლე ივანე ღლონტმა მიიღო.  

PHR-ის წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი განმარტავს, რომ კანონმდებლობით ორგანიზაციისთვის განსაზღვრული სპეციალური მოსარჩელის სტატუსიდან გამომდინარე, განაჩენში არსებობს ტექნიკური ჩანაწერი პანსიონიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანის შესახებ, მაგრამ, მისივე თქმით, თუ პანსიონში საფრთხე არსებობს, რომელზეც მოსამართლეც საუბრობს, არ შეიძლება იქ რომელიმე ბავშვი დარჩეს. 

საქართველოს საპატრიარქომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით, რომელიც მის დაქვემდებარებაშია, განცხადება გაავრცლა. საპატრიარქო აღნიშნავს, რომ ისინი გაასაჩივრებენ სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც PHR-ის მოთხოვნა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გამოყვანის შესახებ დაკმაყოფილდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან 20 არასრულწლოვანი ალტერნატიულ სერვისებში გადაანაწილეს, მათ შორის, 7 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვია. 


4 ივნისს სხალთის ეპარქიამ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ბენეფიციარების ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში გაავრცელა. ვიდეოში მონაწილე არასრულწლოვანების იდენტიფიცირება სრულად არის შესაძლებელი. 

ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც და სახელმწიფო უწყებებს პანსიონში მყოფი არასრულწლოვნების უფლებადარღვევის განგრძობად ფაქტზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდა. ფაქტის შესწავლა დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც. 

2 ივნისს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული. 3 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა და  შსს-ს შესაბამის სამსახურს მიმართა, ბავშვთა სახლთან დაკავშირებული საქმეები გაესაჯაროებინა. 

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ნინოწმინდის პანსიონის საქმეში დანაშაულის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები არ არის. განცხადების თანახმად, 2016 წლიდან დღემდე გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს, თუმცა, ამ ეტაპზე, საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

კომენტარები