უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღო, რომლებიც ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტთან არის სინქრონიზებული.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ორ განკარგულებას, რომლითაც ევროკავშირის გადაწყვეტილებებთან სანქციების სინქრონიზაციის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა.
"ევროკავშირის სანქციებთან სინქრონიზაცია 20-ე პაკეტის ფარგლებში მოიცავს 120 პირსა და ორგანიზაციას და აწესებს ეკონომიკურ სანქციებს, რომლებიც რუსული ეკონომიკის საკვანძო სექტორების წინააღმდეგ არის მიმართული". - წერია ზელენსკის ოფისის განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, ახალი სანქციების სამიზნეთა ნაწილის წინააღმდეგ უკრაინის სანქციები უკვე მოქმედებს. ახალი გადაწყვეტილება რუსეთის დამატებით 16 მოქალაქეს და რუსეთიდან, ბელარუსიდან, ყირგიზეთიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დამატებით 31 კომპანიას ეხება.
ახლად სანქცირებულ ფიზიკურ პირებს შორის არიან რუსული სტრატეგიული საწარმოების ხელმძღვანელები, რუსული არმიის დანაყოფების მეთაურები და ისინი, ვინც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთს ემსახურებიან.
ამასთან, უკრაინის მიერ მიღებული სანქციები ეხებათ პროკურ ლუდმილა ბალანდინას, მოსამართლე დმიტრი გორდეევსა და გადაცემა "ვესტის" წამყვანს, მარია სიტელს. უკრაინა ბალანდინასა და გორდეევს პოლიტიკურ რეპრესიებში მონაწილეობაში, სიტელს კი - დეზინფორმაციის სისტემურად გავრცელებაში ადანაშაულებს.
სანქციები ასევე ირანის 19 მოქალაქეზე, სუდანის 7 მოქალაქესა და 11 ირანულ კომპანიაზე ვრცელდება, რომლებიც ირანული პროგრამის ფარგლებში ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების წარმოებაზე მუშაობდნენ.
გარდა ამისა, სანქციების სიაში რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოები, ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ოქროს მომპოვებელი კომპანიები, რადიოელექტრონული ომის საშუალებების, დრონების კომპონენტებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებლები მოხვდნენ
სანქციები ასევე ეხება ნავთობის ექსპორტიორს ბელარუსში და კომპანიებს არაბთა გაერთიანებული საამიროებში, რომლებიც ყიდიან დაზგებსა და აღჭურვილობას ლაბორატორიებისთვის და ქიმიურ პროდუქტებსა და სათადარიგო ნაწილებს კომერციული თვითმფრინავებისთვის.
ცნობისთვის, გასულ თვეს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი მიიღო, რომელსაც აქამდე უნგრეთი და სლოვაკეთი ბლოკავდნენ.




