ნინოწმინდის პანსიონი

დროა ნინოწმინდის პანსიონზე: ბავშვების უფლებებისთვის ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ

ტაბულა

პარტია დროა ნინოწმინდის ბავშთა პანსიონთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ანგარიშს ეხმაურება. დროას განცხადებით უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც დამნაშავეა ბავშვების მიმართ ჩადენილ დანაშაულებში, ამ დანაშაულისთვის ხელის შეწყობასა და მის მიჩქმალვაში.

დროას განცხადების მიხედვით, ანგარიშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბავშვები წლების მანძილზე არაადამიანური და წამებასთან გათანაბრებული მოპყრობის პირობებში ცხოვრობდნენ, ასევე, ანგარიში ნათელს ხდის, რომ პანსიონთან დაკავშირებული პროცესები არ დასრულებულა, რადგნ მის ყველა აღსაზრდელს ჯერ კიდევ არ მიუღია შესაბამისი სერვისები და ზრუნვა სახელმწიფოსგან, ხოლო ამ დანაშაულებში მონაწილე პირები არ გასამართლებულან.

"მიუხედავად იმისა, რომ თავად აღსაზრდელები ალაპარაკდნენ მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე და სისხლის სამართლის საქმეებიც აღიძრა, გამოძიება არაეფექტიანად და ხარვეზებით მიმდინარეობს. აშკარაა გულგრილობა, დანაშაულის არასწორი კვალიფიკაცია, პროცესის ხელოვნური გაჭიანურება". - წერია განცხადებაში. 

დროას შეფასებით, მნიშვნელოვანია სახალხო დამცველს, მისი აპარატის და ყველა იმ ადამიანის თუ ორგანიზაციის ჩართულობა, რომლებიც იბრძოდნენ პანსიონიდან ბავშვების გამოსაყვანად. პარტიიას განცხადებაში აღნიშნულია, რომ ერთობლივმა მუშაობამ, პროტესტმა გარკვეული შედეგი გამოიღო, თუმცა, არ უნდა ჩაითვალოს, რომ ამით ყველა პრობლემა გადაიჭრა.

"უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც დამნაშავეა ბავშვების მიმართ ჩადენილ სასტიკ დანაშაულებში, ამ დანაშაულისთვის ხელის შეწყობასა თუ მის მიჩქმალვაში. პასუხი უნდა აგოს ყველამ, დაწყებული სახელმწიფო სტრუქტურებით, რომლებსაც ევალებოდათ ბავშვებზე ზრუნვა, დამთავრებული პანსიონის თითოეული აღმზრდელითა თუ თანამშრომლით.

გამომდინარე, იქიდან, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო პანსიონის აღსაზრდელების საჭიროებების დაკმაყოფილება და დღესაც არღვევს სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების უფლებებს, პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ფართო საზოგადოებამ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა მათი უფლებებისთვის". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ  ანგარიშში აღნიშნულია დასჯის ის მეთოდები, რომლებსაც პანსიონის აღმზრდელები იყენებდნენ. 

ანგარიშის მიხედვით, პანსიონში ძალადობის სხავადასხვა ფორმა გამოიყენებოდა - ფიზიკური დასჯა, ძალიან მკაცრი კონტროლი, შრომითი ექსპლუატაცია (შრომა დასჯის მიზნით), ემოციური ზეწოლა, ბავშვების "მომზადება" სახალხო დამცველთან და სოციალურ მუშაკებთან საუბრისათვის. ამასთან, ბავშვებს აქვთ იდენტური შინაარსის პასუხები - "აქ კარგია, ყველაფერი გვაქვს, საჭმელიც, ტანსაცმელიც და არავინ არ გვსჯის". ანგარიშის მიხედვით, ამ ფორმით პასუხებს იღებდნენ მაშინაც, როდესაც სახალხო დამცველის წარმომადგენელი მსგავს კითხვას არ სვამდა. 

პანსიონში აღსაზრდელთა დასჯის ფორმად იყენებდნენ ძილისა და საკვების აკრძალვას, ფიზიკურ ძალადობას. აღსაზრდელები იხსენებდნენ, როგორ სჯიდა მთელ ჯგუფს აღმზრდელი და არ აძლევდა ჭამის უფლებას, თავად ჭამდნენ და ბავშვებს აყურებინებდნენ, მუხლებზე აყენებდნენ. 

ერთ-ერთი აღსაზრდელი, ღამე უნებლიე შარდვისთვის აღმზრდელმა შიშველი დააყენა დერეფანში. მეორე ბავშვს კი, იმავე მიზეზის გამო, აღმზრდელმა დასჯის მიზნით დახეული სამოსი ჩააცვა. 

ერთ-ერთმა აღმზრდელმა ბავშვს ენა გამოაყოფინა და თმის სახვევი სავარცხელი დაარტყა. 

როდესაც ბავშვებს შუადღის ძილისგან გამოეღვიძათ, აღმზრდელმა აიძულა, ამდგარიყვნენ, აეღოთ ლეიბები, დაწოლილიყვნენ საწოლის ფიცარზე და ლეიბები ზედ დაეფარებინათ. 

აღსაზრდელებს მიმართავდნენ სიტყვებით: "საქონელი", "ქუჩიდან მოთრეული", "დედისგან მიტოვებული". 

ჭამაზე უარის გამო დასჯის მიზნით ბავშვებს საკვებს თავზე ასხამდნენ. ერთ-ერთი შემთხვევისას აღმზრდელმა ბავშვს ჩაი დაასხა თავზე და მერე დაბანა აუკრძალა. 

დასჯის ფორმად გამოიყენა ერთ-ერთმა აღმზრდელმა ბავშვისთვის ხელების ერთმანეთზე ბინტით შეკვრა და მთელი ღამით ასე დატოვება. 

არასრულწლოვნებმა ისაუბრეს სკამის ფეხის თავში დარტყმის, ცივ იატაკზე დაყენების შემთხვევების შესახებაც. 

ერთ-ერთი აღსაზრდელის თქმით, მას უთხრეს, 10 მეტანია გაეკეთებინა მხოლოდ იმიტომ, რომ თამაშისას ბურთი, შემთხვევით, ფანჯარას მოახვედრა. 

ერთ-ერთი აღსაზრდელი, რომელმაც განაწყენებულმა ყოფილ ხელმძღვანელს უცენზურო სიტყვებით მიმართა, ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს. ნინოწმინდის ყოფილი ბენეფიციარი განმარტავდა, რომ ძალადობისას ტირილს უკრძალავდნენ, რის გამოც ტირილის შიში ახლაც აქვს და ვერ გამოხატავს ამ ემოციას. 

ომბუდსმენის ანგარიშში აღნიშნულია, ბავშვებთან გასაუბრებისას გამოვლენილი ქცევები - სხეულის დაძაბულობა, განრიდების (დისოციაციის) რეაქციები, მზერითი კონტაქტის არარსებობა, მწირი ლექსიკური მარაგი, თვითდამაზიანებელი ქცევა (საკუთარი ხელისგულის დაკემსვა ნემსით და ძაფით), ასევე სოციალური მუშაკების მიერ მოპოვებული ინფორმაცია, სადაც იკვეთება რეგრესული ქცევა (თითის წოვა თითის დაზიანებამდე) შესაძლებელია, მიანიშნებდეს განვითარების ტრავმაზე. 

ასევე, ომბუდსმენი წერს, რომ ერთ-ერთ საქმეში, რომელზეც აპარატმა ინდივიდუალური საქმისწარმოება დაიწყო და პანსიონის ყოფილ აღსაზრდელთან ვიზიტითაც იმყოფებოდა, გამოიკვეთა, რომ ბავშვს აქვს ქცევითი სირთულეები და ამჟამინდელ აღმზრდელს დასჯის მიზნით მოუწოდებდა, რომ დაება. 

22 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, პანსიონში არაერთი გამოწვევა რჩება.  


ნინოწმინდის ბავშთა სახლში 2021 წლის გაზაფხულზე განვითარებული მოვლენების შემდეგ მეუფე სპირიდონის ნაცვლად პანსიონის ხელმძღვანელად ბავშვებზე ძალადობის გამმართლებელი მეუფე იაკობი დაინიშნა. მანამდე, 5 ივნისს სასამართლომ PHR-ის მოთხოვნა ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის შესახებ დააკმაყოფილა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ანა აბაშიძის თქმით, ბავშვების დაწესებულებიდან გაყვანა დაუყოვნებლივ უნდა დაეწყოთ. PHR-ის წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი განმარტავდა, რომ კანონმდებლობით ორგანიზაციისთვის განსაზღვრული სპეციალური მოსარჩელის სტატუსიდან გამომდინარე, განაჩენში არსებობდა ტექნიკური ჩანაწერი პანსიონიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანის შესახებ, მაგრამ, მისივე თქმით, თუ პანსიონში საფრთხე არსებობს, რომელზეც მოსამართლემად ისაუბრა, არ შეიძლება იქ რომელიმე ბავშვი დარჩენილიყო. 

ნინოწმინდის პანსიონში ძალადობაზე ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას პანსიონის ხელმძღვანელის, სხალთელი მიტოპოლიტი სპიროდონის დავალებით დაწესებულებაში მონიტორინგის ჩატარების უფლება არ მისცეს. პანსიონის ყოფილი აღსაზრდელები მედიასთან საუბრობდნენ, თუ რა დასჯის მეთოდები არსებობდა პანსიონში, ვინ აღასრულებდა მათ და როგორ ექცეოდნენ აღმზრდელები განსხვავებული კანის ფერის და გენეტიკური დაავადების მქონე ბავშვებს.

 

კომენტარები