საკონსტიტუციო ცვლილებები

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი / Facebook

პარლამენტმა 126 მომხრით საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის გარდამავალ დებულებაში ასახული მე-11 და მე-12 პუნქტების თანახმად, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის დაწესებული ბარიერი 2%-მდე მცირდება და მანდატების განაწილების პროპორციული წესი დგინდება.

ასევე, ცვლილებების თანახმად, საპარლამენტო ფრაქციების შექმნისთვის დაწესებულ პარლამენტის წევრთა რაოდენობას, შვიდიდან ოთხამდე მცირდება.

საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტში ასევე უნდა ასახულიყო გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილება, რაც ევროკავშირის მედიაციით შემდგარი შეთანხმების დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტია, თუმცა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, "რადგან წარმოდგენილი ცვლილება ინსტიტუტის დამოუკიდებლობის ხარისხს ამცირებს და ვერც ოპოზიციამ წარმოადგინა მისი მიღების არგუმენტები, შესაბამისად, კანონპროექტის მე-13 პუნქტის კენჭისყრა დღის წესრიგიდან მოიხსნა".

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო შემაშფოთებლად მიიჩნევს ქართული ოცნების სურვილს საკონსტიტუციო ცვლილებები გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილების გარეშე მიიღოს. ორგანიზაციის პოზიციით, პროგრესული ცვლილებების უარყოფით და არსებული წესის ძალაში დატოვებით ქართული ოცნება მართლმსაჯულების სისტემაზე სრული კონტროლის შენარჩუნებას ცდილობს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის პოზიციით, კონსტიტუციური კანონის პროექტიდან გენერალური პროკურორის არჩევასთან დაკავშირებული საკითხების ამოღება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ქართულ ოცნებას არ სურს სამართალდამცავ და მართლმსაჯულების სისტემებზე პოლიტიკური კონტროლის შემცირება. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ამცირებს პროკურატურის უწყების დემოკრატიზაციის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პერსპექტივას.

ევროკავშირის მედიაციით შემდგარი შეთანხმების დოკუმენტის თანახმად, რომელიც 28 ივლისს ქართულმა ოცნებამ ანულირებულად გამოაცხადა, გენერალური პროკურორების დანიშვნისთვის საჭირო უნდა ყოფილიყო პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები, რაც ფართომასშტაბიან, ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობას და მხარდაჭერას უზრუნველყოფდა. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ დანიშვნები საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად უნდა ჩატარებულიყო. გარდა ამისა, მხარეები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ საერთო პოლიტიკური პოზიციის გაზიარება, მომავალი გენერალური პროკურორების არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო მექანიზმის შემდეგნაირ ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით:

  • პირველ ორ მცდელობას პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები დასაჭირდება. შემდგომ მცდელობებს ხმების უბრალო უმრავლესობა დასჭირდება;
  • ყოველი მომდევნო კენჭისყრა ჩატარდება არა უადრეს 4 კვირისა წინა კენჭისყრიდან;
  • არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო ამ პროცედურის შესაბამისად ჩატარებული ნებისმიერი დანიშვნა (უბრალო უმრავლესობით) უნდა იყოს დროებითი. მისი ვადა ერთი წლით შემოიფარგლება, რომლის განმავლობაშიც დანიშვნის სტანდარტული პროცედურა თავიდან უნდა დაიწყოს.

კომენტარები