კორონავირუსი საქართველოში

BASSIANI: წესების სრულად დაცვით ჩატარებულ ღონისძიებაზე ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი 0.5%-ია

კლუბ BASSIANI-ს თანადამფუძნებელი, ნაჯა ორაშვილი წერს, რომ ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდისა და Act4culture-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, უსაფრთხოების წესების სრულად დაცვით ჩატარებულ ღონისძიებაზე, რომელსაც 1 500 ადამიანი ესწრებოდა, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი 0.5%-ია.  

ორაშვილის ინფორმაციით, ბოლო 2 თვის განმავლობაში ორი კვლევა ჩაატარეს - დახურულ სივრცეში ჩატარებულ კვლევაში მხოლოდ სრულად სრულად ვაქცინირებული (71.08%), კოვიდგადატანილი (12.04%) და PCR ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე (16.88%) ადამიანები მონაწილეობდნენ. 

"იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში დელტა შტამი მძვინვარებს და დღიურად 8-11%-იანი დადებითობის მაჩვენებელი გვაქვს, უსაფრთხოების წესების სრულად დაცვით ჩატარებულ ღონისძიებაზე, რომელსაც 1500 ადამიანი ესწრებოდა, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი 0.5%-ია, ანუ საშუალოდ 20-ჯერ ნაკლები გავრცელება გვაქვს ვიდრე ზოგად პოპულაციაში.

ეს არის ძალიან დიდი გამარჯვებაა და ერთადერთი გამოსავალი პანდემიის დასამარცხებლად. რაც მთავარია, ეს არის ერთადერთი გზა, რომ ერთგულად და მტკიცედ დავიცვათ საკლუბო კულტურის მთავარი მონაპოვარი - უსაფრთხო სივრცის იდეა.

კარგად გვაქვს გააზრებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სიმწვავე და მისი ტრაგიკული შედეგები, სწორედ ამ შედეგების თავიდან ასაცილებლად 2 წლის წინ პირველებმა, საზოგადოებაზე ზრუნვის იდეით დავხურეთ და ახლა მზად ვართ უსაფრთხო ღონისძიების იდეით გავხსნათ კლუბების კარი.

იმედი მაქვს, უახლოეს პერიოდში მოგილოცავთ საყვარელ სივრცეებში დაბრუნებას, რომელიც უპირობო ზრუნვასა და პასუხისმგებლობაზე იქნება დაფუძნებული". - წერს ორაშვილი. 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვების დაწესებისას ეპიდემიოლოგები საუბრობენ საფრთხეებზე, რომელიც, მათი შეფასებით, ღამის კლუბებში ღონისძიებებს უკავშირდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს,  კლუბებში სიარულისგან თავი შეიკავონ. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით,  ეპიდემიოლოგების მიერ ღამის კლუბები ერთ-ერთ რისკის მატარებელ ჯგუფად არის მიჩნეული, მინისტრმა 22 ივნისს თქვა, რომ ყველაზე დიდხანს შეზღუდვები კლუბებზე გავრცელდებოდა.  


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები