აზერბაიჯანი

ალიევი: სარკინიგზო კავშირის გახსნაზე სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სრული თანხმობა არსებობს

ილჰამ ალიევი
trend.az

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, სარკინიგზო კავშირის გახსნასთან დაკავშირებით, სრული თანხმობა არსებობს. 

ილჰამა ალიევი ამბობს, რომ სურთ საზღვრების გახსნაც. მისი თქმით, საკითხები განიხილება სამმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში: აზერბაიჯანს, სომხეთს და რუსეთს შორის. ამ ჯგუფის მთავარ მიზნად კომუნიკაციების გახსნას ასახელებს. 

ილჰამ ალიევმა დაამატა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთი საავტომობილო გზის გახსნაშიც დაარწმუნა. 

"ამჟამად, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებობს სრული შეთანხმება, სარკინიგზო კავშირის გახსნასთან დაკავშირებით. ჩვენ დავიწყეთ სარკინიგზო ხაზის მშენებლობა გათავისუფლებულ ტერიტორიებზე, სომხეთის საზღვრების მიმართულებით. ამასთან ერთად, გასულ თვეებში სომხეთი საავტომობილო გზის გახსნის წინააღმდეგი იყო, თუმცა, ახლა ჩვენ შევძელით ისინი დაგვერწმუნებინა, რომ ეს გარდაუვალია და დაგვთანხმდნენ. ამგვარად, შეთანხმება არსებობს", – ამბობს ალიევი. 

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ამჟამად განიხილება ამ სატრანსპორტო დერეფნების სამართლებრივი რეჟიმი. 

"ამჟამად, ჩვენ განვიხილავთ მოცემული დერეფნების სამართლებრივ რეჟიმს, ზანგეზურის დერეფნის, რომელიც აზერბაიჯანიდა სომხეთში გაივლის, აქედან კი – აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში. აქ ჩვენ ეჯრ კიდევ გვაქვს გარკვეული კითხვები, რომლებიც ღიად რჩება. თუმცა, მჯერა ორივე მხარე იღებს ფაქტს, რომ ეს უნდა მოხდეს და, სხვათაშორის, გასულ თვეში პრეზიდენტი პუტინის ინიციატივით სოჩში ჩატარებულ სამმხრივ შეხვედრაზე ჩვენ მივიღეთ დეკლარაცია, რომელშიც ღიად არის საუბარი კომუნიკაციების გახსნაზე. ასე რომ, ეს მოხდება. სხვათაშორის, უკვე გაიხსნა საჰაერო სივრცე", – ამბობს ილჰამ ალიევი. 

ზანგეზურის დერეფნის გახსნის მოთხოვნა აზერბაიჯანის მხარემ 2020 წლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში გამარჯვების შემდეგ წამოაყენა. პრეზიდენტი ალიევი 2021 წლის აპრილში ამბობდა, რომ თუ სომხეთი ამის წინააღმდეგი იქნებოდა, ისინი დერეფნის ძალით გაიყვანდნენ.

დერეფნის გაყვანას მოიცავდა თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ამ წლის ივნისში გაფორმებული შუშის ხელშეკრულებაც. ილჰამ ალიევმა და თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ზანგეზურის დერეფანს საფუძველი ოქტომბერში ჩაუყარეს.

ოქტომბერში სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი ყველა სატრანსპორტო მიმოსვლის გახსნაზე მუშაობდნენ.

კომენტარები