თურქეთის ეკონომიკა

რეკორდული გაუფასურება გრძელდება – 1 დოლარის ღირებულებამ 14 თურქულ ლირას მიაღწია

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი
Financial Times

თურქეთის ეროვნული ვალუტის რეკორდული გაუფასურების პროცესი გრძელდება, ამჟამად 1 ამერიკული დოლარის ღირებულება 14.3 ლირას შეადგენს.

უკანასკნელ პერიოდში ლირის მკვეთრად გაუფასურების მიზეზად S&P Global-ის მიერ თურქეთის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის უარყოფითად შეფასება სახელდება. 

ექსპერტების შეფასებით, თურქეთის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების, ინფლაციის დონის 20%-იან ნიშნულამდე ზრდის და ლირის გაუფასურების მთავარი მიზეზი პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გადაწყვეტილებებია. 

თურქული ლირის ღირებულება ამერიკულ დოლართან მიმართებით

ერდოღანი აქტიურად ახორციელებს ზეწოლას ქვეყნის ცენტრალურ ბანკსა და მონეტარულ პოლიტიკაზე. მიუხედავად ინფლაციის მაღალი მაჩვენებლისა, ის ცენტრალური ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდის წინააღმდეგია. ნოემბერში ერდოღანმა პირობა დადო, რომ ის ყველანაირად შეეცდებოდა საპროცენტო განაკვეთის შემცირებას.

აღსანიშნავია, რომ ერდოღანის ხედვა წინააღმდეგობაშია ეკონომისტების დიდი ნაწილის და, მათ შორის, თურქეთის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტის ხედვებთან. ერდოღანის აზრით, ცენტრალური ბანკის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი - რეფინანსირების განაკვეთი არ წარმოადგენს ინფლაციის შემაკავებელ ფაქტორს და პირიქით, გაზრდილი განაკვეთის შედეგია მზარდი ინფლაციის დონეც.

ერდოღანის ბრძანებით, ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 15%-მდე შეამცირა და მოსალოდნელია, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაკვეთის დამატებით 100 საბაზისო პუნქტით, 14%-მდე შემცირებას დაუჭიროს მხარი.

ექსპერტების შეფასებით, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ცენტრალურ ბანკზე განხორციელებული ზეწოლა გააუარესებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და კიდევ უფრო მეტად გაზრდის ინფლაციის ისედაც მაღალ მაჩვენებელს, რომელიც ამჟამად თითქმის 20%-ს შეადგენს. 

2021 წლის მარტში ედოღანის გადაწყვეტილებით, თანამდებობის დატოვება მოუწია ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს, ნაჯი აგბალს, რისი მიზეზიც ერდოღანსა და აგბალს შორის არსებული უთანხმოება იყო. 

ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს მაღალი ინფლაციის დასაძლევად რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა სურდა, რასაც ერდოღანი ეწინააღმდეგებოდა.

დეკემბერში ერდოღანმა ქვეყნის ფინანსთა მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა, რადგან ის მის არატრადიციულ ეკონომიკურ შეხედულებებს არ იზიარებდა.

პრეზიდენტის მოსაზრებას არ იზიარებენ საერთაშორისო საბანკო და საფინანსო ინსტიტუტების ანალიტიკოსებიც და ვარაუდობენ, რომ ერდოღანის მიერ ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრა გაამწვავებს ლირის გაუფასურების და ინფლაციის დონის ზრდის პროცესს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება.

კომენტარები