ვლადიმირ პუტინი

პუტინი: ზოგჯერ, ფულის ტაქსისტობით გამომუშავება მიწევდა

ვლადიმირ პუტინი საკუთარი ვოლგის საჭესთან, კრასნოდარის მხარეში გვირაბის გახსნის ცერემონიაზე, 2005 წელი
The Guardian

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, მას 90-იან წლებში ფულის ტაქსისტობით გამომუშავება უწევდა. ის ამის შესახებ საუბრობს დოკუმენტურ ფილმში რუსეთი: უახლესი ისტორია, რომლის ნაწყვეტებიც რუსულ სამთავრობო არხზე, Россия 1-ზე გავიდა.

"ზოგჯერ, ფულის ტაქსისტობით გამომუშავებაც კი მიწევდა. უსიამოვნოა ამაზე საუბარი, თუმცა, საუბედუროდ, ასეც იყო", – თქვა პუტინმა. 

აქამდე, რუსეთის პრეზიდენტმა 2018 წელს მიცემულ ინტერვიუში ახსენა, რომ ის ტაქსისტობაზე ფიქრობდა, მას შემდეგ, რაც სანკტ-პეტერბურგის მერმა, ანატოლი სობჩაკმა ადგილობრივ არჩევნებში წააგო. პუტინი მის წინასაარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობდა.

"იმასაც კი ვფიქრობდი, რა ვაკეთო, იქნებ ტაქსით გამომემუშავებინა? არ ვხუმრობ, სად წავსულიყავი. ორი პატარა შვილი მყავდა. ამიტომ, როცა მოსკოვში გადასვლა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იურიდიული საქმეებით დაკავება შემომთავაზეს, მე დავთანხმდი და ჩამოვედი", – ამბობდა პუტინი 2018 წელს. 

ახალი ფილმის კიდევ ერთ ნაწყვეტში პუტინმა საბჭოთა კავშირის დაშლას ტრაგედია უწოდა და ეს ისტორიული რუსეთის დაშლას შეადარა.

"[საბჭოთა კავშირის დაშლა] ჩემთვის ტრაგედია იყო, ისევე, როგორც ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობისთვის. რადგან, რა არის საბჭოთა კავშირის დაშლა? ეს არის დაშლა ისტორიული რუსეთის, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა", – უპასუხა პუტინმა კითხვას, თუ რას ნიშნავდა სსრკ-ს დაშლა პირადად მისთვის.

კომენტარები