რუსეთში არაბთა გაერთიანებული საამიროს პრეზიდენტი მუჰამედ ალ ნაჰაიანი იმყოფება.
ალ ნაჰაიანი არაფორმალურ ვითარებაში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს კრემლში შეხვდა.
შეხვედრის მსვლელობისას სამთავრობო მედიის ჟურნალისტმა პუტინს აშშ-სა და რუსეთს შორის სავარაუდო შეხვედრის ადგილმდებარეობაზე კითხვა დაუსვა.
"ჩვენ ბევრი მეგობარი გვყავს, რომელიც მზად არის მსგავსი ტიპის ღონისძიების ორგანიზებაში დაგვეხმაროს. ერთ-ერთი მეგობარი აქ არის, არაბთა გაერთიანებული საამიროს პრეზიდენტი. მოვიფიქრებთ, მაგრამ მიმაჩნია რომ (საამირო) ერთ-ერთი სრულიად შესაფერისი ადგილია შეხვედრისთვის". – უპასუხა ჟურნალისტს პუტინმა.
შემდეგ კითხვას, აპირებს თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას პუტინმა ასე უპასუხა:
"მე აქამდეც, არაერთხელ მითქვამს, რომ მთლიანობაში შეხვედრის წინააღმდეგი არ ვარ. მაგრამ ამისთვის, უნდა შეიქმნას გარკვეული პირობები".
გარდა ამისა, რუსეთის საინვესტიციო ფონდის დირექტორმა, კირილ დმიტრიევმა აღნიშნა, რომ პუტინისა და ტრამპის შეხვედრამ, შესაძლოა უფრო გააქტიუროს ქვეყნებს შორის მიმდინარე დიალოგი.





