საბჭოთა კავშირი

პუტინი: საბჭოთა კავშირის დაშლა ტრაგედიაა, ეს ისტორიული რუსეთის დაშლაა

ვლადიმირ პუტინი რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიაზე, 2021 წელი, 1-ელი დეკემბერი, კრემლი.
AP News

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, მისთვის საბჭოთა კავშირის დაშლა ტრაგედია იყო და ამ მოვლენას ისტორიული რუსეთის დანგრევას უტოლებს. 

"[საბჭოთა კავშირის დაშლა] ჩემთვის ტრაგედია იყო, ისევე, როგორც ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობისთვის. რადგან, რა არის საბჭოთა კავშირის დაშლა? ეს არის დაშლა ისტორიული რუსეთის, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა", – უპასუხა პუტინმა კითხვას, თუ რას ნიშნავდა სსრკ-ს დაშლა პირადად მისთვის. 

"ჩვენ სრულებით სხვა ქვეყანად ვიქეცით. და ის, რაც ათასი წლის განმავლობაში მუშავდებოდა, დაიკარგა", – დაამატა მან. 

"25 მილიონი რუსი უეცრად საზღვრებს გარეთ აღმოჩნდა, სსრკ-ს ყოფილ რესპუბლიკებში, რომლებმაც დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი მოიპოვეს. მათთვის [რესპუბლიკებისთვის] ეს, ალბათ, კარგი იყო, მაგრამ ადამიანებისთვის, რომლებიც საზღვრებს გარეთ აღმოჩნდნენ, ეს ულაპარაკოდ ცუდი იყო. მათ არ შეეძლოთ დაბრუნება, ნათესავებთან გაერთიანება. [მათთვის] არ არსებობდა არც სამუშაო, არც საცხოვრებელი ადგილი. ეს იყო დიდი ჰუმანიტარული ტრაგედია, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე", – თქვა პუტინმა საბჭოთა კავშირის დანგრევასთან დაკავშირებით. 

კომენტარები