დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

Reuters: G7 რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში "დიდი შედეგების" შესახებ აფრთხილებს

გამოცემა Reuters-ის მიერ მოპოვებული განცხადების სამუშაო ვერსიის მიხედვით, დიდი შვიდეულის ქვეყნები რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში დიდი შედეგების და მძიმე ფასის შესახებ აფრთხილებენ.

ლივერპულში შეხვედრაზე დიდი შვიდეულის წარმომადგენლება თქვეს, რომ ისინი ერთიანები არიან უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ძალების თავმოყრის დაგმობაში.

"რუსეთს ეჭვი არ უნდა შეეპაროს, რომ უკრაინის წინააღმდეგ შემდგომ სამხედრო აგრესიას დიდი შედეგები და მძიმე ფასი ექნება. [...] ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და საკუთარი მომავლის გადაწყვეტის უფლების მიმართ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას" - ნათქვამია Reuters-ის მიერ მოპოვებულ განცხადებაში.

დიდი შვიდეულის შეხვედრამდე განცხადება გაავრცელა ლონდონში რუსეთის საელჩომ. საელჩოს თქმით, დიდი ბრიტანეთის მიერ ხშირად გამოყენებული ფრაზა "რუსული აგრესია" შეცდომაში იყო შემყვანი და დიდი შვიდეულისთვის შეკრების მიზეზის მიცემას ემსახურებოდა.

"რუსეთმა NATO-ს უმარავი გზა შესთავაზა დაძაბულობის შესამცირებლად. დიდი შვიდეულის ფორუმი მათი განხილვის შესაძლებლობას ქმნის, მაგრამ ჯერჯერობით აგრესიული სლოგანების გარდა არაფერი გვესმის" - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთისთვის "დამანგრეველ შედეგებზე" საუბრობს აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც. ბაიდენის თქმით, მან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირი პუტინი გააფრთხილა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა ის "საშინელ ფასს გადაიხდის".

უკრაინის საზვრებთან დაძაბული მდგომარეობის გამო აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 7 დეკემბერს ვიდეოშეხვედრა გამართეს. თეთრი სახლის განცხადებით, შეხვედრაზე ბაიდენმა მკაფიოდ თქვა, რომ უკრაინაში სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთს ძლიერი ეკონომიკური და სხვა სახის ზომებით უპასუხებენ. სხვადასხვა მედიის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში შესაძლო ეკონომიკურ ზომებად განიხილება პუტინის უახლოესი გარემოცვისთვის, რუსეთის უმსხვილესი ბანკებისთვის და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდისთვის სანქციები დაწესება. ასევე უკიდურესი ზომა შეიძლება იყოს რუსეთის ჩახსნა SWIFT-ის საერთაშორისო საბანკო სისტემიდან.

ბაიდენის და პუტინის ვიდეოშეხვედრაზე საუბრისას სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმაც აღნიშნა, რომ აშშ არ აპირებს უკრაინასთან დაკავშირებით უკრაინის მონაწილეობის გარეშე რაიმე გააკეთოს. პრაისის თქმით, ბაიდენის და პუტინის ვიდეოშეხვედრის დროს არ ყოფილა რაიმე დათმობაზე წასვლა რუსეთთან. სპიკერმა აღნიშნა, რომ რუსეთთან დიალოგი მდგომარეობის დეესკალაციისთვის უნდა შედგეს და ის არ იქნება დათმობა ან რუსეთისთვის რაიმე სახით ხელისშეწყობა და კომპრომისზე წასვლა.

უკრაინის საკითხის განხილვისთვის ერთმანეთს ასევე შეხვდნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. შეხვედრამდე ბლინკემა ლავროვი უკრაინასთან დაკავშირებით ძვირი საზღაურის შესახებ გააფრთხილა.

უკრაინის საზღვრებთან, კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, ათიათასობით რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000-კაციან თავდასხმას გეგმავდეს.

"რუსეთის გეგმები ითვალისწინებს უკრაინაზე სამხედრო თავდასხმას 2022 წლის დასაწყისში, ორჯერ უფრო დიდი სამხედრო ძალით, ვიდრე ეს ბოლო გაზაფხულზე, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ვარჯიშების დროს ვიხილეთ. გეგმა მოიცავს ბატალიონის 100 ტაქტიკური ჯგუფის ფართო მოძრაობას, სავარაუდოდ, 175 000 სამხედროს ჩართულობით, ჯავშანტექნიკით, არტილერიითა და აღჭურვილობით", – ანონიმურად თქვა Washington Post-თან აშშ-ს ოფიციალურმა პირმა.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. 

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები