თეთრი სახლის სპიკერის ჯენ ფსაკის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტო ჯო ბაიდენი მხარს უჭერს ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც NATO-ში გაწევრიანება სურს. ამის შესახებ ფსაკიმ ბრიფინგზე ისაუბრა.
"აშშ-ს პრეზიდენტი მხარს უჭერს ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც NATO-ში და უშიშროების სხვა ალიანსში გაწევრიანება სურს. ის ნამდვილად უჭერს მხარს უკრაინის მისწრაფებებს. არსებობს გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც რიგ საკითხებზე უნდა შესრულდეს, მათ შორის კორუფციასთან დაკავშირებით. ცხადია, NATO-ს პარტნიორმა ქვეყნებმა და ალიანსმა უნდა გადაწყვიტონ, როგორი იქნება ეს გზა"- თქვა თეთრი სახლის სპიკერმა ჯენ ფსაკიმ.
ფსაკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყფრის ფონზე, ამერიკული მხარე ახლო კონტაქტშია უკრაინის მთავრობასთან.
უკრაინის საზვრებთან დაძაბული მდგომარეობის გამო აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 7 დეკემბერს ვიდეოშეხვედრა გამართეს. თეთრი სახლის განცხადებით, შეხვედრაზე ბაიდენმა მკაფიოდ თქვა, რომ უკრაინაში სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთს ძლიერი ეკონომიკური და სხვა სახის ზომებით უპასუხებენ. სხვადასხვა მედიის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში შესაძლო ეკონომიკურ ზომებად განიხილება პუტინის უახლოესი გარემოცვისთვის, რუსეთის უმსხვილესი ბანკებისთვის და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდისთვის სანქციები დაწესება. ასევე უკიდურესი ზომა შეიძლება იყოს რუსეთის ჩახსნა SWIFT-ის საერთაშორისო საბანკო სისტემიდან.
უკრაინის საკითხის განხილვისთვის ერთმანეთს უკვე შეხვდნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. შეხვედრამდე ბლინკემა ლავროვი უკრაინასთან დაკავშირებით ძვირი საზღაურის შესახებ გააფრთხილა.
უკრაინის საზღვრებთან, კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, ათიათასობით რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.
The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000-კაციან თავდასხმას გეგმავდეს.
"რუსეთის გეგმები ითვალისწინებს უკრაინაზე სამხედრო თავდასხმას 2022 წლის დასაწყისში, ორჯერ უფრო დიდი სამხედრო ძალით, ვიდრე ეს ბოლო გაზაფხულზე, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ვარჯიშების დროს ვიხილეთ. გეგმა მოიცავს ბატალიონის 100 ტაქტიკური ჯგუფის ფართო მოძრაობას, სავარაუდოდ, 175 000 სამხედროს ჩართულობით, ჯავშანტექნიკით, არტილერიითა და აღჭურვილობით", – ანონიმურად თქვა Washington Post-თან აშშ-ს ოფიციალურმა პირმა.
უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც.
ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.