ვენის ბირთვული მოლაპარაკებები

Reuters: აშშ და ისრაელი ირანზე თავდასხმას განიხილავენ, მოსამზადებელ წვრთნებს ჩაატარებენ

ისრაელის F-15-ები ამერიკულ B-1B Lancer-ს აცილებენ
Times of Israel

Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, აშშ-სა და ისრაელის თავდაცვის მინისტრები ხუთშაბათს განიხილავენ შესაძლო ერთობლივი სამხედრო ვარჯიშების საკითხს, რომელიც იქნება ირანზე თავდასხმისთვის მომზადება, ყველაზე ცუდი სცენარი, თუ დიპლომატია ვერ გაამართლებს. Reuters-ის თქმით, მათ ეს ინფორმაცია აშშ-ს ოფიციალურმა პირმა ანონიმურად მიაწოდა. 

Reuters-თან ისრაელისა და აშშ-ს მხარეებმა კომენტარი არ გააკეთეს.

ვენაში მიმდინარე ბირთვული მოლაპარაკებები წარმატებით ვერ ვითარდება და მხარეებს შორის გარღვევა არაა, თუმცა პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება. 

გასულ დღეებში, აშშ-ს ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს (CIA) დირექტორმა, ბილ ბარნსმა თქვა, რომ CIA-ში არ ჰგონიათ, ირანის უმაღლეს მმართველს ბირთვული პროგრამის იარაღად გამოყენების გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდეს, თუმცა დაამატა, რომ ურანის გამდიდრების შესაძლებლობის მსგავსი დახვეწა გზაა ბომბისთვის საჭირო ნივთიერების შექმნისკენ. ბარნსმა ასევე თქვა, ირანმა ბირთვული პროგრამის იარაღად გამოყენება რომც გადაწყვიტოს, ამისთვის დიდი დრო დასჭირდებათ.


29 ნოემბერს ვენაში მიმდინარე ბირთვული მოლაპარაკებები განახლდა. 

აქამდე, გასულ კვირებში ისრაელის პრემიერმინისტრმა, ნაფთალი ბენეტმა თქვა, რომ ისრაელი 2015 წლის ბირთვული შეთანხმების დროს დაშვებულ შეცდომას აღარ გაიმეორებს და ქვეყანა მოქმედების თავისუფლების შენარჩუნებას აპირებს.

2021 წლის აპრილში, ქალაქ ვენაში ირანს, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს ევროკავშირს, რუსეთსა და ჩინეთს შორის დაიწყო საუბარი, თუ როგორ შეიძლებოდა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებისთვის დაბრუნება. ეს უკანასკნელი ამერიკამ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ქვეშ 2018 წელს დატოვა, რდაგან მიიჩნევდნენ, რომ ირანი შეთანხმებას არღვევდა და მსგავსი ფორმატი თეირანის ბირთვულ პროგრამას ვერ შეაჩერებდა. ამის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანს სანქციები დაუწესა.

ახალი მოლაპარაკებები მას შემდეგ შეჩერდა, რაც ივნისში, ირანში ხისტი პოლიტიკით ცნობილი ებრაჰიმ რაისი პრეზიდენტად აირჩიეს. 

ვენის ახალი მოლაპარაკებების ფარგლებში სულ 6 შეხვედრა გაიმართა, თუმცა მხარეები ვერ მივიდნენ შეთანხმებამდე, თუ რა სანქციებს მოხსნიდა აშშ თეირანს და როგორ ბირთვულ შეზღუდვებს დათანხმდებოდა ირანი. 

ირანის ბირთვულ პროგრამას განსაკუთრებულ საფრთხედ აღიქვამს ისრაელის მხარე, რომელიც თვლის, რომ მოლაპარაკებები შედეგს ვერ მოიტანს და თეირანი მალე ბირთვულ იარაღს შექმნის. ბოლო ხანებში იერუსალიმი ირანზე თავდასხმისთვისაც ემზადებოდა.

კომენტარები