ისრაელი

ბენეტი ირანზე: რა შეცდომაც 2015 წლის ბირთვული შეთანხმების დროს დავუშვით, აღარ განმეორდება

ნაფთალი ბენეტი

ისრაელის პრემიერმინისტრის, ნაფთალი ბენეტის თქმით, მას შემდეგ, რაც 2015 წელს ირანსა და P5+1-ის ქვეყნებს (აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, რუსეთი, ჩინეთი და ევროკავშირი) შორის ბირთვული შეთანხმება გაფორმდა, ისრაელს "ჩაეძინა". 

"შეცდომა, რომელიც 2015 წლის პირველი ბირთვული შეთანხმების შემდეგ დავუშვით, აღარ განმეორდება. შეთანხმების ხელმოწერამ ჩვენზე საძილე აბივით იმოქმედა. ისრაელს მოვალეობაზე ყოფნისას ჩაეძინა. სხვა რაღაცებით დავკავდით", – თქვა ისრაელის პრემიერმინისტრმა. 

"ჩვენ შეცდომისგან ვისწავლით. შევინარჩუნებთ მოქმედების თავისუფლებას", – თქვა ბენეტმა. 

"შეთანხმება რომც დაბრუნდეს, ისრაელი, რა თქმა უნდა, მისი წევრი არაა და ის ვერ შეზღუდავს", – დაამატა ისრაელის პრემიერმინისტრმა. 

ნაფთალი ბენეტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მხოლოდ ირანის მარიონეტულ ტერორისტულ ჯგუფებთან ბრძოლა საკმარისი აღარაა. 

"ირანელებმა ისრაელის სახელმწიფო რაკეტების ალყაში მოაქციეს, სანამ თავად თეირანში უსაფრთხოდ სხედან. [ირანული] კუდსის ძალების გამოგზავნილი ტერორისტების დევნა აღარაა საკმარისი. გამომგზავნს უნდა მივხედოთ", – ამბობს ბენეტი.

გასულ თვეში ირანი ახალ ბირთვულ მოლაპარაკებებში, რომლებიც რამდენიმე თვით შეჩერებული იყო, დაბრუნებას დათანხმდა. მოლაპარაკებები 29 ნოემბრიდან გაგრძელდება. 

2021 წლის აპრილში, ქალაქ ვენაში ირანს, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს ევროკავშირს, რუსეთსა და ჩინეთს შორის დაიწყო საუბარი, თუ როგორ შეიძლებოდა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებისთვის დაბრუნება. ეს უკანასკნელი ამერიკამ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ქვეშ 2018 წელს დატოვა, რდაგან მიიჩნევდნენ, რომ ირანი შეთანხმებას არღვევდა და მსგავსი ფორმატი თეირანის ბირთვულ პროგრამას ვერ შეაჩერებდა. ამის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანს სანქციები დაუწესა.

ახალი მოლაპარაკებები მას შემდეგ შეჩერდა, რაც ივნისში, ირანში ხისტი პოლიტიკით ცნობილი ებრაჰიმ რაისი პრეზიდენტად აირჩიეს. 

ვენის ახალი მოლაპარაკებების ფარგლებში სულ 6 შეხვედრა გაიმართა, თუმცა მხარეები ვერ მივიდნენ შეთანხმებამდე, თუ რა სანქციებს მოხსნიდა აშშ თეირანს და როგორ ბირთვულ შეზღუდვებს დათანხმდებოდა ირანი. 

ირანის ბირთვულ პროგრამას განსაკუთრებულ საფრთხედ აღიქვამს ისრაელის მხარე, რომელიც თვლის, რომ მოლაპარაკებები შედეგს ვერ მოიტანს და თეირანი მალე ბირთვულ იარაღს შექმნის. ბოლო ხანებში იერუსალიმი ირანზე თავდასხმისთვისაც ემზადებოდა

კომენტარები