ვენის ბირთვული მოლაპარაკებები

"დრო იწურება" – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ირანთან ბირთვულ შეთანხმებაზე

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი
Reuters

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა დიდი შვიდეულის შეხვედრის შემდეგ ირანის 2015 წლის ბირთვული შეთანხმების აღდგენის გზებთან დაკავშირებით თქვა, რომ "დრო იწურება".

ვენაში მიმდინარე განახლებული ბირთვული მოლაპარაკებები წინ ვერ იძვრის. როგორც ბერბოკი ამბობს, ირანის ბოლო შემოთავაზებებმა პროცესი 6 თვით უკან დახია. 

"ბოლო დღეებმა აჩვენა, რომ არანაირი პროგრესი არ გვაქვს... ირანის მთავრობის შემოთავაზების გამო, მოლაპარაკებებმა 6 თვით უკან დაიხია. დრო იწურება", – თქვა ანალენა ბერბოკმა. 

აქამდე, ირანის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ ისინი საკუთარი პოზიციის ერთგულები დარჩებოდნენ. ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ თქვა, რომ თეირანი ბირთვულ მოლაპარაკებებში სერიოზულადაა ჩართული. 

ბირთვული შეთანხმება გულისხმობს ირანის მიერ საკუთარი ბირთვული პროგრამის შეზღუდვას, აშშ-ს, ევროკავშირისა და გაერო-ს სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ.

რამდენიმე დღის წინ გამოცემა Reuters-მა გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, რომ ისრაელი და აშშ აპირებენ მოემზადონ ყველაზე ცუდი სცენარისთვის, ირანზე იერიშისთვის, თუ დიპლომატია ვერ გაამართლებს.


29 ნოემბერს ვენაში მიმდინარე ბირთვული მოლაპარაკებები განახლდა. 

აქამდე, გასულ კვირებში ისრაელის პრემიერმინისტრმა, ნაფთალი ბენეტმა თქვა, რომ ისრაელი 2015 წლის ბირთვული შეთანხმების დროს დაშვებულ შეცდომას აღარ გაიმეორებს და ქვეყანა მოქმედების თავისუფლების შენარჩუნებას აპირებს.

2021 წლის აპრილში, ქალაქ ვენაში ირანს, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს ევროკავშირს, რუსეთსა და ჩინეთს შორის დაიწყო საუბარი, თუ როგორ შეიძლებოდა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებისთვის დაბრუნება. ეს უკანასკნელი ამერიკამ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ქვეშ 2018 წელს დატოვა, რდაგან მიიჩნევდნენ, რომ ირანი შეთანხმებას არღვევდა და მსგავსი ფორმატი თეირანის ბირთვულ პროგრამას ვერ შეაჩერებდა. ამის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანს სანქციები დაუწესა.

ახალი მოლაპარაკებები მას შემდეგ შეჩერდა, რაც ივნისში, ირანში ხისტი პოლიტიკით ცნობილი ებრაჰიმ რაისი პრეზიდენტად აირჩიეს. 

ვენის ახალი მოლაპარაკებების ფარგლებში სულ 6 შეხვედრა გაიმართა, თუმცა მხარეები ვერ მივიდნენ შეთანხმებამდე, თუ რა სანქციებს მოხსნიდა აშშ თეირანს და როგორ ბირთვულ შეზღუდვებს დათანხმდებოდა ირანი. 

ირანის ბირთვულ პროგრამას განსაკუთრებულ საფრთხედ აღიქვამს ისრაელის მხარე, რომელიც თვლის, რომ მოლაპარაკებები შედეგს ვერ მოიტანს და თეირანი მალე ბირთვულ იარაღს შექმნის. ბოლო ხანებში იერუსალიმი ირანზე თავდასხმისთვისაც ემზადებოდა.

კომენტარები