ვენის ბირთვული მოლაპარაკებები

ირანი: სპარსეთის ყურეში ჩვენი სამხედრო ვარჯიშები გაფრთხილებაა ისრაელისთვის

დიდი წინასწარმეტყველი 17-ის სამხედრო ვარჯიშები

ირანის მაღალი რანგის სამხედრო პირების თქმით, სპარსეთის ყურეში ჩატარებული სამხედრო ვარჯიშები, რომლებიც 24 დეკემბერს დასრულდა, იყო გაფრთხილება ისრაელისთვის. გენერლების ეს კომენტარი მოჰყვება ირანისა და მსოფლიო ძალებს შორის ვენაში მიმდინარე ბირთვული მოლაპარაკებების გართულებასა და ისრაელის მიერ თეირანზე იერიშის გეგმების გაჟღერებას. 

"ამ წვრთნებს ძალიან ცხადი გზავნილი ჰქონდა: სერიოზული, რეალური გაფრთხილება სიონისტების რეჟიმის მთავრობის მუქარის მიმართ, რათა ფრთხილად იყვნენ შეცდომებისგან. ხელებს დავაჭრით, არასწორ სვლას თუ გააკეთებენ... რეალურ ოპერაციებსა და სამხედრო წვრთნებს შორის, მხოლოდ რაკეტების გასაშვები კუთხის ცვლილებაა", – თქვა ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის გენერალმა, ჰოსეინ სალამიმ.

ირანის შეიარაღებული ძალების მაიორ-გენერლის, მუჰამედ ბაღერის თქმით, მათ გამოსცადეს სხვადასხვა კლასის 16 ბალისტიკური რაკეტა.

ირანი აცხადებს, რომ მათი ბალისტიკური რაკეტების რადიუსი 2000 კილომეტრია და ისრაელამდე მიღწევა შეუძლიათ. 

ისრაელი უკვე დიდი ხანია, რაც 2015 წლის ბირთვული შეთანხმების განახლებას ეწინააღმდეგება და ირანს სამხედრო პასუხით ემუქრება, თუ დიპლომატია შედეგს ვერ გამოიღებს. ირანის მტკიცებით, მათი ბირთვული ინტერესები მშვიდობიანია. 

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, იაირ ლაფიდი ამბობს, რომ ისრაელი შეთანხმების წინააღმდეგი არაა, თუ შეთანხმება კარგი იქნება, თუმცა, ცუდი შეთანხმება იმაზე უარესია, ვიდრე მისი არარსებობა. 


29 ნოემბერს ვენაში მიმდინარე ბირთვული მოლაპარაკებები განახლდა. 

აქამდე, გასულ კვირებში ისრაელის პრემიერმინისტრმა, ნაფთალი ბენეტმა თქვა, რომ ისრაელი 2015 წლის ბირთვული შეთანხმების დროს დაშვებულ შეცდომას აღარ გაიმეორებს და ქვეყანა მოქმედების თავისუფლების შენარჩუნებას აპირებს.

2021 წლის აპრილში, ქალაქ ვენაში ირანს, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს ევროკავშირს, რუსეთსა და ჩინეთს შორის დაიწყო საუბარი, თუ როგორ შეიძლებოდა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებისთვის დაბრუნება. ეს უკანასკნელი ამერიკამ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ქვეშ 2018 წელს დატოვა, რდაგან მიიჩნევდნენ, რომ ირანი შეთანხმებას არღვევდა და მსგავსი ფორმატი თეირანის ბირთვულ პროგრამას ვერ შეაჩერებდა. ამის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანს სანქციები დაუწესა.

ახალი მოლაპარაკებები მას შემდეგ შეჩერდა, რაც ივნისში, ირანში ხისტი პოლიტიკით ცნობილი ებრაჰიმ რაისი პრეზიდენტად აირჩიეს. 

ვენის ახალი მოლაპარაკებების ფარგლებში სულ 6 შეხვედრა გაიმართა, თუმცა მხარეები ვერ მივიდნენ შეთანხმებამდე, თუ რა სანქციებს მოხსნიდა აშშ თეირანს და როგორ ბირთვულ შეზღუდვებს დათანხმდებოდა ირანი. 

ირანის ბირთვულ პროგრამას განსაკუთრებულ საფრთხედ აღიქვამს ისრაელის მხარე, რომელიც თვლის, რომ მოლაპარაკებები შედეგს ვერ მოიტანს და თეირანი მალე ბირთვულ იარაღს შექმნის. ბოლო ხანებში იერუსალიმი ირანზე თავდასხმისთვისაც ემზადებოდა.

კომენტარები