ვენის ბირთვული მოლაპარაკებები

ბენეტი ბირთვული მოლაპარაკებების ქვეყნებს: არ დანებდეთ ირანის ბირთვულ შანტაჟს

ნაფთალი ბენეტი

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ნაფთალი ბენეტმა ვენაში მიმდინარე ბირთვული მოლაპარაკებების წევრ ქვეყნებს მიმართა და მოუწოდა არ დანებდნენ ირანის ბირთვულ შანტაჟს. 

"დღეს ირანი ვენაში მოლაპარაკებებზე გამოცხადდება ნათელი მიზნისთვის, მოეხსნას სანქციები თითქმის არაფრის სანაცვლოდ. ირანი ბირთვულ პროგრამას არა უბრალოდ შეინარჩუნებს, არამედ დღეიდან ამისთვის გადაუხდიან კიდეც. ირანი მიზნებს არ მალავს. რამდენიმე დღის წინ, ირანის შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა თქვა, ვციტირებ: "ჩვენ ისრაელის განადგურებაზე უკან არ დავიხევთ, ერთი მილიმეტრითაც კი". 

ამ კვირაში ირანულმა რეჟიმმა ცეცხლი გაუხსნა საკუთარ ხალხს, ისპაჰანის ქუჩებში, რადგან საკუთარ ქვეყანაში უწყლობის გაპროტესტება გაბედეს. დიახ, მათ საკუთარ მოქალაქეებს ესროლეს, მხოლოდ იმიტომ, რომ სწყუროდათ. ასეთი მკვლელი რეჟიმი არ უნდა დაჯილდოვდეს. 

ირანის დარღვევებისა და ბირთვული შემოწმებებისთვის ძირის გამოთხრის მიუხედავად, ისინი მოლაპარაკებების მაგიდაზე წარდგებიან, ვენაში, სადაც ზოგს სჯერა, რომ ისინი სანქციების მოხსნას იმსახურებენ და ასიათასობით მილიონ დოლარს პირდაპირ დამპალ რეჟიმში ჩაყრიან. ისინი ცდებიან. 

ირანი, საკუთარი დაუნდობლობის სანაცვლოდ, არ იმსახურებს ჯილდოს, სარფიან გარიგებებსა და სანქციების მოხსნას. მოვუწოდებ ჩვენს მოკავშირეებს მთელ მსოფლიოში, არ დანებდეთ ირანის ბირთვულ შანტაჟს", – მიმართა საერთაშორისო ძალებს ისრაელის პრემიერმინისტრმა. 

29 ნოემბერს განახლდა ვენაში მიმდინარე ბირთვული მოლაპარაკებები. 

აქამდე, გასულ კვირაში ნაფთალი ბენეტმა თქვა, რომ ისრაელი 2015 წლის ბირთვული შეთანხმების დროს დაშვებულ შეცდომას აღარ გაიმეორებს და ქვეყანა მოქმედების თავისუფლების შენარჩუნებას აპირებს.

2021 წლის აპრილში, ქალაქ ვენაში ირანს, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს ევროკავშირს, რუსეთსა და ჩინეთს შორის დაიწყო საუბარი, თუ როგორ შეიძლებოდა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებისთვის დაბრუნება. ეს უკანასკნელი ამერიკამ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ქვეშ 2018 წელს დატოვა, რდაგან მიიჩნევდნენ, რომ ირანი შეთანხმებას არღვევდა და მსგავსი ფორმატი თეირანის ბირთვულ პროგრამას ვერ შეაჩერებდა. ამის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანს სანქციები დაუწესა.

ახალი მოლაპარაკებები მას შემდეგ შეჩერდა, რაც ივნისში, ირანში ხისტი პოლიტიკით ცნობილი ებრაჰიმ რაისი პრეზიდენტად აირჩიეს. 

ვენის ახალი მოლაპარაკებების ფარგლებში სულ 6 შეხვედრა გაიმართა, თუმცა მხარეები ვერ მივიდნენ შეთანხმებამდე, თუ რა სანქციებს მოხსნიდა აშშ თეირანს და როგორ ბირთვულ შეზღუდვებს დათანხმდებოდა ირანი. 

ირანის ბირთვულ პროგრამას განსაკუთრებულ საფრთხედ აღიქვამს ისრაელის მხარე, რომელიც თვლის, რომ მოლაპარაკებები შედეგს ვერ მოიტანს და თეირანი მალე ბირთვულ იარაღს შექმნის. ბოლო ხანებში იერუსალიმი ირანზე თავდასხმისთვისაც ემზადებოდა

კომენტარები