ვენის ბირთვული მოლაპარაკებები

ნეთანიაჰუ: თუ აშშ არაა მზად, ირანს რეალური სამხედრო საფრთხე შეუქმნას, ისრაელი უნდა იყოს

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის ყოფილი პრემიერმინისტრისა და პარტია ლიკუდის ლიდერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, თუ აშშ არაა მზად, ირანს რეალური სამხედრო საფრთხე შეუქმნას, ისრაელი უნდა იყოს. 

"ირანთან მხოლოდ ერთ შეთანხმებაზე ფიქრია შესაძლებელი. ერთადერთი შეთანხმება, რომლის მიღებაც შეგვიძლია, ირანის ბირთვული შესაძლებლობების განადგურებაა", – თქვა ყოფილმა პრემიერმა პარტიის შეკრებაზე. 

ნეთანიაჰუს თქმით, თუ მსგავსი შეთანხმება არ იარსებებს, ისრაელი მზად უნდა იყოს დამოუკიდებლად მოქმედებისთვის. 

"ისრაელი მზად უნდა იყოს, რომ დამოუკიდებლად იმოქმედოს ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ. ასევე, დამოუკიდებლად ნიშნავს გაფრთხილებების გარეშე და მოულოდნელ მოქმედებას", – თქვა ნეთანიაჰუმ და დაამატა – "თუ აშშ არაა მზად, ირანს რეალური სამხედრო საფრთხე შეუქმნას, ისრაელი უნდა იყოს".

ასევე, ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა, აშშ-ს ელჩი ისრაელში გააფრთხილა, რომ თუ მსოფლიო არაა მზად ამისთვის, ისრაელი თავად დაიცავს საკუთარ თავს და ირანს ბირთვული იარაღის მოპოვებაში ხელს შეუშლის.

ეს გამოხმაურებები ვენაში მიმდინარე ბირთვული მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდს მოჰყვა.

29 ნოემბერს ვენაში მიმდინარე ბირთვული მოლაპარაკებები განახლდა. 

აქამდე, გასულ კვირებში ისრაელის პრემიერმინისტრმა, ნაფთალი ბენეტმა თქვა, რომ ისრაელი 2015 წლის ბირთვული შეთანხმების დროს დაშვებულ შეცდომას აღარ გაიმეორებს და ქვეყანა მოქმედების თავისუფლების შენარჩუნებას აპირებს.

2021 წლის აპრილში, ქალაქ ვენაში ირანს, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს ევროკავშირს, რუსეთსა და ჩინეთს შორის დაიწყო საუბარი, თუ როგორ შეიძლებოდა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებისთვის დაბრუნება. ეს უკანასკნელი ამერიკამ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ქვეშ 2018 წელს დატოვა, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ირანი შეთანხმებას არღვევდა და მსგავსი ფორმატი თეირანის ბირთვულ პროგრამას ვერ შეაჩერებდა. ამის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანს სანქციები დაუწესა.

ახალი მოლაპარაკებები მას შემდეგ შეჩერდა, რაც ივნისში, ირანში ხისტი პოლიტიკით ცნობილი ებრაჰიმ რაისი პრეზიდენტად აირჩიეს. 

ვენის ახალი მოლაპარაკებების ფარგლებში სულ 6 შეხვედრა გაიმართა, თუმცა მხარეები ვერ მივიდნენ შეთანხმებამდე, თუ რა სანქციებს მოხსნიდა აშშ თეირანს და როგორ ბირთვულ შეზღუდვებს დათანხმდებოდა ირანი. 

ირანის ბირთვულ პროგრამას განსაკუთრებულ საფრთხედ აღიქვამს ისრაელის მხარე, რომელიც თვლის, რომ მოლაპარაკებები შედეგს ვერ მოიტანს და თეირანი მალე ბირთვულ იარაღს შექმნის. ბოლო ხანებში იერუსალიმი ირანზე თავდასხმისთვისაც ემზადებოდა.

 

კომენტარები