ავსტრია

ავსტრიის ახალი კანცლერი კარლ ნეჰამერი გახდება

ავსტრიის სახალხო პარტიამ (ÖVP) პარტიის ლიდერად და კანცლერობის კანდიდატად შინაგან საქმეთა მინისტრი, კარლ ნეჰამერი აირჩია. პოსტზე ის ალექსანდერ შალენბერგს ჩაანაცვლებს, რომელმაც თავისხმრივ, კორუფციაში ბრალდებული სებასტიან კურცი დროებით შეცვალა.

კარლ ნეჰამერმა პოლიტიკური კარიერა 2007 წელს დაიწყო. სებასტიან კურცის მთავრობაში შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობდა კი 2020 წლის იანვარში დაიკავა.

"დღეს ერთხმად ამირჩიეს პარტიის აღმასრულებელ ხელმძღვანელად და ამავდროულად ფედერალური კანცლერობის კანდიდატად. ეს ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა". - განაცხადა ნეჰამერმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ნეჰამერის კანდიდატურას ავსტრიის სახალხო პარტიასთან კოალიციაში მყოფი მწვანეთა პარტია ხელს არ შეუშლის და ის კანცლერის თანამდებობას ქვეყნის პრეზიდენტთან ფიცის დადების ცერემონიის თარიღის შეთანხმებისთანავე დაიკავებს.

სებასტიან კურცმა ავსტრიის კანცლერის თანამდებობა ოქტომბერში დატოვა. მის წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძება მოსყიდვისა და ნდობის ბოროტად გამოყენების ეჭვით დაიწყო. პოლიციამ რეიდები მოაწყო კურცის პარტიის, ავსტრიის სახალხო პარტიის ოფისებში, კანცელარიაში და საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროში და კურცის სამი თანაშემწის სახლებში.

კურცის გადადგომის შემდეგ კი კანცლერის თანამდებობა ალექსანდერ შალენბერგმა დაიკავა, რომელიც კურცის მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. შალენბერგმა კი განაცხადა, რომ როგორც კი პარტია ჩამოყალიბდებოდა ახალი ლიდერის კანდიდატურაზე, ის დაუყოვნებლივ დატოვებდა პოსტს. გავრცელებული ინფორმაციით, შალენბერგი ნეჰამერის მთავრობაში შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს.

კომენტარები