ავსტრია

ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი კორუფციაში ბრალდების გამო თანამდებობიდან გადადგა

სებასტიან კურცი
The Atlantic

ავსტრალიის კანცლერი სებასტიან კურცი თანამდებობიდან გადადგა. კანცლერის გადაწყვეტილება დაკავშირებულია კორუფციის ეჭვით მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებასთან. კურცმა თავის შემცვლელად საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდერ შალენბერგი წარადგინა.

"ახლა სტაბილურობაა საჭირო. ჩიხიდან გამოსასვლელად მინდა, თანამდებობიდან გადავდგე, რათა ქაოსი ავირიდოთ." – თქვა კურცმა.

პოლიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ ამ შესაძლებლობას გამოიყენებს, რათა მის წინააღმდეგ არსებული ბრალდებები გააბათილოს. კურცი გააგრძელებს თავისი პარტიის ავსტრიის სახალხო პარტიის თავმჯდომარეობას და საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვება.

კურცის წინააღმდეგ არსებულმა ბრალდებებმა ავსტრის მმართველი კოალიციის დაშლის საფრთხე შექმნა. კოლაციის წევრმა მწვანეთა პარტიამ მოლაპარაკებები დაიწყო ოპოზიციურ პარტიებთან, რომლებიც მომავალ კვირას კანცლერისთვის უნდობლობის გამოცხადებას გეგმავდნენ.

მწვანეთა ლიდერმა და ვიცეკანცლერმა ვერნერ კოგლერმა დადებითად შეაფასა კურცის გადაწყვეტილება, დაეტოვებინა თანამდებობა და აღნიშნა, რომ მზად იყო ალექსანდერ შალენბერგთან მუშაობისთვის. კოგლერის თქმით, მას და შალებერგეს "ძალიან კონსტრუქციული" ურთიერთობა აქვთ.

გამოძიება მიიჩნევს, რომ 2016 წლიდან, ფინანსთა სამინისტრო ტაბლოიდს სებასტიან კურცის მიმართ კეთილგანწყობილი სტატიების და გამოკითხვების შედეგების გამოქვეყნების სანაცვლოდ ფულს უხდიდა, კონკრეტულად, რეკლამას ყიდულობდა. 2016 წელს კურცი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და ავსტრიის სახალხო პარტიის ლიდერად გახდომა სურდა. გამოძიების თანახმად, ფინანსთა სამინისტრო ტაბლოიდისგან გარკვეული მასალის სანცვლოდ ტაბლოიდისგან რეკლამას მას შემდეგაც ყიდულობდა, რაც კურცი 2017 წელს პირველი ვადით კანცლერად აირჩიეს.

პროკურატურას გამოცემა უშუალოდ არ დაუსახელებია, თუმცა ავსტრიულმა მედიამ გამოძიებას ტაბლოიდი Oesterreich-ი დააკავშირა. გამოცემამ გაავრცელა განცხადება, რომელითაც უარყო, რომ რეკლამის შესყიდვის სანაცვლოდ კურცისთვის სასურველ გამოკითხვებს აქვეყნებდა.

პროკურატურის თქმით, 2016 წლიდან 2018 წლამდე ფინანსთა სამინისტრო კონსერვატიული პარტიის სასარგებლოდ პოლიტიკურად მოტივირებულ და ზოგ შემთხვევაში მანიპულაციურ მასალისთვის ფულს იხდიდა. პროკურატურის თანახმად, რამდენიმე ადამიანს, ვის წინააღმდეგაც გამოძიებაა დაწყებული, გავლენა ჰქონდათ, რა ქვეყნდებოდა გამოცემაში.

სახალხო პარტიის წარმომადგენლებმა პარტიის ოფისში რეიდს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს. სახალხო პარტია პროკურატურას კურცისა და მისი პარტიის წინააღმდეგ მიკერძოებულობაში ადანაშაულებს.

კანცლერის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება მმართველი კოალიციაში დაძაბულობის მიზეზი გახდა. კოალიციის წევრ მწვანეთა პარტიას ჯერ არ უთქვამს, აპირებს თუ არა კანცლერის მხარდაჭერის გაგრძელებას, თუ მის წინააღმდეგ გამოძიება გაგრძელდება.

სებასტიან კურცი სახალხო პარტიის ლიდერი 2017 წელს გახდა. 2018-ში კი მისმა პარტიამ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა.

კომენტარები