ავსტრია

ავსტრიის ახალი კანცლერი ალექსანდერ შალენბერგი გახდა

ავსტრიის კანცლერი ალექსანდერ შალენბერგი და ავსტრიის პრეზიდენტი ალექსანდერ ვან დერ ბელენი
EPA

ავსტრიის ახალი კანცლერი ალექსანდერ შალენბერგი გახდა. პოსტზე მან სებასტიან კურცი ჩაანაცვლა, რომელიც კორუფციაში ბრალდებების გამო გადადგა.

ალექსანდერ შალენბერგმა დიპლომატიური საქმიანობა 1997 წელს დაიწყო. 2019 წელს ის ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა. შალენბერგმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე გააგრძელა მუშაობა 2020 წელს სებასტიან კურცის კანცლერად მეორე ვადით არჩევის შემდეგაც. შალენბერგი ყოფილი კანცლერის ახლო მოკავშირეა.

ავსტრიის პრეზიდენტის ალექსანდერ ვან დერ ბელენის თქმით, ბევრი მუშაობა იქნება საჭირო, რათა შესაძლო კორუფციის შემთხვევის გამოძიების ფონზე აღდგეს კოალიციური მთავრობის ნდობა.

სებასტიან კურცის წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძება მოსყიდვისა და ნდობის ბოროტად გამოყენების ეჭვით დაიწყო. პოლიციამ რეიდები მოაწყო კურცის პარტიის, ავსტრიის სახალხო პარტიის ოფისებში, კანცელარიაში და საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროში და კურცის სამი თანაშემწის სახლებში.

გამოძიება მიიჩნევს, რომ 2016 წლიდან, ფინანსთა სამინისტრო ტაბლოიდს სებასტიან კურცის მიმართ კეთილგანწყობილი სტატიების და გამოკითხვების შედეგების გამოქვეყნების სანაცვლოდ ფულს უხდიდა, კონკრეტულად, რეკლამას ყიდულობდა. 2016 წელს კურცი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და ავსტრიის სახალხო პარტიის ლიდერად გახდომა სურდა. გამოძიების თანახმად, ფინანსთა სამინისტრო ტაბლოიდისგან გარკვეული მასალის სანცვლოდ ტაბლოიდისგან რეკლამას მას შემდეგაც ყიდულობდა, რაც კურცი 2017 წელს პირველი ვადით კანცლერად აირჩიეს.

პროკურატურას გამოცემა უშუალოდ არ დაუსახელებია, თუმცა ავსტრიულმა მედიამ გამოძიებას ტაბლოიდი Oesterreich-ი დააკავშირა. გამოცემამ გაავრცელა განცხადება, რომელითაც უარყო, რომ რეკლამის შესყიდვის სანაცვლოდ კურცისთვის სასურველ გამოკითხვებს აქვეყნებდა.

პროკურატურის თქმით, 2016 წლიდან 2018 წლამდე ფინანსთა სამინისტრო კონსერვატიული პარტიის სასარგებლოდ პოლიტიკურად მოტივირებულ და ზოგ შემთხვევაში მანიპულაციურ მასალისთვის ფულს იხდიდა. პროკურატურის თანახმად, რამდენიმე ადამიანს, ვის წინააღმდეგაც გამოძიებაა დაწყებული, გავლენა ჰქონდათ, რა ქვეყნდებოდა გამოცემაში.

სახალხო პარტიის წარმომადგენლებმა პარტიის ოფისში რეიდს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს. სახალხო პარტია პროკურატურას კურცისა და მისი პარტიის წინააღმდეგ მიკერძოებულობაში ადანაშაულებს.

კომენტარები