ავსტრია

ავსტრიაში დაზვერვის ყოფილ ოფიცერს სავარაუდოდ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალი წარუდგინეს

14 აგვისტოს ვენის პროკურატურამ კონტრდაზვერვის ყოფილ ოფიცერ ეგისტო ოტს და ავსტრიის ულტრამემარჯვენე თავისუფლების პარტიის ყოფილ დეპუტატს, ჰანს-იორგ იენევაინს ოფიციალური სამსახურეობრივი საიდუმლოების კონფიდენციალურობის დარღვევისთვის ბრალი წარუდგინა.

ვენის პროკურატურამ დაადანაშაულო იენევაინი იმაში, რომ მან აიძულა ოტს მოეძია და გაეცა კონკრეტული კონფიდენციალური ინფორმაცია. ამას გარდა, იენევაინს ბრალი წარუდგინეს 2021 წელს ავსტრიის თავისუფლების პარტიაში კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებული გასაიდუმლოებული საბუთების გადაცემაში.

ამასთან ერთად, მეორე დამნაშავეს, ავსტრიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური ოფისის (BVT) ყოფილ თანამშრომელს, ოტს ბრალი ედება იმაში, რომ მან იენევაინის სახელით, ჯერ კიდევ 2018 წელს, "უცნობი თანანმდებობის პირს" ევროპული სპეცსამსახურების შეხვედრის მონაწილეებზე ინფორმაციის მოპოვება დაავალა.  ამის შემდეგ ოტმა 2019 წელს ევროპული სპეცსამსახურების მონაცემები იენევაინს გადასცა, რითაც "საფრთხე შეექმნა ეროვნულ უსაფრთხოებას".

ვენის პროკურატურის პრესრელიზში ნათქვამია, რომ სამსახურებრივი საიდუმლოების დარღვევის მთავარი ბრალდებით, ორივე მამაკაცს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სასამართლო პროცესის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.

კომენტარები