ავსტრია

წინასწარი შედეგებით, ავსტრიის არჩევნებში ულტრამემარჯვენე FPO-მ გაიმარჯვა

ავსტრიის "თავისუფლების პარტიის" ლიდერი, ჰერბერტ კიკლი
Reuters

ავსტრიის 29 სექტემბრის საყოველთაო არჩევნებში, წინასწარი შედეგების მიხედვით, ულტრამემარჯვენე "თავისუფლების პარტიამ" (FPO) გაიმარჯვა.

ORF-ის წინასწარი შედეგების მიხედვით, კიკლის პარტიამ არჩევნებში 29.1% მოიპოვა, რითაც მმართველი კონსერვატიული ავსტრიის სახალხო პარტია (OVP) დაამარცხა, რომელმაც 26.2% აიღო. მესამე ადგილზე 20.4%-ით მემარცხენე ცენტრისტული სოციალ-დემოკრატების პარტია გავიდა, ხოლო ლიბერალურმა NEOS-მა და მწვანეთა პარტიებმა, შესაბამისად, 8.8% და 8.6% აიღეს.

ულტრამემარჯვენე "თავისუფლების პარტიის" წინასაარჩევნო კამპანია ძირითადად ანტისაიმიგრაციო, ანტიისლამური, ევროსკეპტიკური, ეკონომიკური და პრორუსული განწყობების გზავნილებისგან შედგებოდა. ამას გარდა, პარტიაში მხარს უჭერენ არა მხოლოდ ევროპის მხრიდან უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტას, არამედ რუსეთზე დაწესებული სანქციების მოხსნასაც.

ავსტრიის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ჰერბერტ კიკლი, "თავისუფლების პარტიის" ლიდერი 2021 წლიდანაა და მას ავსტრიის კანცლერის თანამდებობის დაკავება სურს. წარსულში მას ტერმინი "Volkskanzler" (ხალხის კანცლერი) აქვს გამოყენებული, რასაც 1930-იან წლებში ნაცისტები ადოლფ ჰიტლერის დასახასიათებლად იყენებდნენ, თუმცა, კიკლს ნათქვამი აქვს, რომ მსგავს შედარებას არ იღებს.

არჩევნებში გამარჯვებულს აბსოლუტური უმრავლესობა არ ექნება, თუმცა კოალიციის ხელმძღვანელობის უფლებას მოიპოვებს. კანცლერობისთვის ახლა კიკლს კოალიციური პარტნიორების მოძიება დასჭირდება, რათა ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატაში უმრავლესობა მოიპოვოს, , რაც რთული იქნება იქიდან გამომდინარე, რომ დანარჩენი პარტიების ლიდერებს წარსულში FPO-სთან თანამშრომლობაზე უარი აქვთ ნათქვამი.

ავსტრიის კარინტიის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორის, კეთრინ შტაინერ-ჰემერლის თქმით, "სასწორზე დგას, შეძლებს თუ ვერა FPO ახალი კანცლერის დანიშვნას. თუ ეს მოხდება, მაშინ უნდა ითქვას, რომ ევროკავშირი ავსტრიის როლი მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება. კიკლს ხშირად აქვს ნათქვამი, რომ [უნგრეთის პრემიერმინისტრი] ვიქტორ ორბანი მისთვის მისაბაძი ადამიანია და რომ მის გვერდით დადგება".

კომენტარები